“ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით“ - ინძაგი ბაიერნთან მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ინტერმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. „რეკორდმაისტერის“ მხრიდან პირველი გოლი სანემ გაიტანა, ხოლო მეორე ბურთი დ’ამბროსიომ საკუთარ კარში ჩაჭრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რა თქვა ინძაგიმ?
„ჩვენი პირველი 20 წუთი მეტისმეტად დაძაბული იყო. რეალურად, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებოდით, რომელიც საოცრად ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს. როგორც გუნდს, უკეთესად უნდა გვეთამაშა. ჩემი დავალება კიმიხის თავზე ბურთის გადაკიდება იყო და არ გამოგვივიდა. მომენტები შევქმენით, მაგრამ მთლიან ჯამში ტექნიკურად ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.
კორეას და ჯეკოს კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ „ბაიერნის“ წინააღმდეგი მომენტების რეალიზება უნდა მოახერხო. წინააღმდეგ შემთხვევაში დამარცხდები და ახლაც ასე მოხდა. ვფიქრობ, მიუნხენელთა მთავარი კოზირი კიმიხი იყო, რომლის წინააღმდეგ უკეთესი პრესინგი უნდა გვეთამაშა.
დღეს, ონანას მნიშვნელოვანი ბურთები არ მოუგერიებია. „ბაიერნს“ საოცრად სწრაფი შემტევები ჰყავს და მათთვის სივრცე არ უნდა დაგვეტოვებინა. თამაში საკმაოდ ღია გამოვიდა. მეორე გოლი 67-ე წუთზე არ უნდა გაგვეშვა.“
ცნობისთვის, თავისი მატჩი მოიგო კატალონიის „ბარსელონამ“, რომელმაც „პლზენი“ 5:1 გაანადგურა. ამ მომენტისთვის, ჯგუფს ბარსა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერობს. მეორე პოზიციაზე „ბაიერნია“. 3-4 ადგილს კი „ინტერი“ და „პლზენი“ იყოფენ.
 
მატჩის ვიდეო მიმოხილვა