“საქართველოს ბოდიშს ვუხდი“ - ზუროსი მონტენეგროსთან მარცხის შემდეგ
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველო მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73:81 დამარცხდა. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ჩარჩა.. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ზუროსმა?
„პირველ რიგში მონტენეგროს ვულოცავ. ეს ჩვენთვის რთული მომენტია. რთული მატჩი იყო, სადაც გარკვეული ასპექტები დაგვაკლდა. ყველა მეოთხედის ბოლოს ქულას ვაგებდით. ეს მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტები იყო. ყველაფერი ვეცადეთ, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს. ბოდიშს ვუხდი მათ, რადგან ბერლინში ვერ მივდივართ.
ჩვენი კაპიტანი და მთავარი მოთამაშე თორნიკე შენგელია მნიშვნელოვან დროს გამოგვაკლდა. მასთან ერთად ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მაგალითად, დღევანდელ მატჩში ის რომ ყოფილიყო, სულ სხვა თამაშს ვიხილავდით. არ შეგვიძლია ვიტიროთ. შეცდომები უნდა ვეძებოთ. საქართველოთი ვამაყობ. ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასევე, მადლობა ჩემს მოთამაშეებს. ჩვენ მილიონი პრობლემა გვქონდა.
მინდა გამოვარჩიო რატი ანდრონიკაშვილი და სანდრო მამუკელაშვილი. მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ ეს მათი პირველი დიდი ტურნირი იყო. წინ დიდი მომავალი აქვთ და ბევრი უნდა ისწავლონ. ისინი დროის გასვლასთან ერთად დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ისინი შერმადინისგან და შენგელიასგან ისწავლიან."