Eurobasket 2022: ესპანეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
თბილისი არენაზე სტარტი აიღო Eurobaket-ის A ჯგუფის დასკვნითმა ტურმა. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ჯგუფის ორი ფავორიტი, ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება სერჯიო სკარიოლოს კალათბურთელებმა მოიპოვეს. ესპანელებმა 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ესპანეთის ნაკრებს ვილი ერნანგომესმა ულიდერა. „ნიუ ორლეან პელიკანსის“ კალათბურთელმა თურქებს 15 ქულა ჩაუგდო, ასევე 7-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. სკარიოლოს გუნდიდან ვილის ძმა, ხუანჩო ერნანგომესიც გამოირჩა, რომელმაც 8 ქულას, 7 მოხსნას, 1 გადაცემას და 1 ბლოკს მოუყარა თავი.
თურქეთის ნაკრებიდან კი გამორჩეული ჯედი ოსმანი იყო, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. კარგი მატჩი ჰქონდა ალპერენ შენგუსაც, რომელმაც მარგი ქმედების კოეფიციენტით (23) ორივე გუნდში საუკეთესო იყო. საერთო ჯამში შენგუნმა 14 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.
როგორც ზემოთ გითხარით, ესპანელებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში მე-4 მოგება ჩაიწერეს და 1 ადგილი გაინაღდეს, თურქები კი ამ მონაცემებით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.
რამდენიმე წუთში ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება სადაც ერთმანეთს ბულგარეთისა და ბელგიის ნაკრებები შეხვდებიან. დღის ბოლოს კი, 21:00 საათზე თბილისი არენაზე საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება.