ზუროსი: “ჩვენ დღეს კალათბურთი არ გვითამაშია“
ევრობასკეტის მეოთხე ტურში საქართველო ბულგარეთს დაუპირისპირდა და 80:92 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ, ზუროსის გაწვრთნილი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსები შემცირდა. შეხვედრის შემდეგ, ილიასმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ზუროსმა?
პირველ რიგში ბულგარეთს ვულოცავ. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენ ასე სათამაშოდ არ გამოვსულვართ. დღეს ჩვენ კალათბურთი არ ვითამაშეთ. ჩვენ ვერ გავიაზრეთ, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. სწორედ ამიტომ ვერ ვითამაშეთ დღეს კალათბურთი.
სათქმელი არაფერი მაქვს. ეს საშინელება იყო. ჩვენ დაცვა არ გვითამაშია. არ ვიცი ეს რა იყო. თუ გინდა, რომ ჯგუფიდან გახვიდე, დაცვაში კარგად უნდა ითამაშო. მინდა, რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ეს გამოსვლა საშინელება იყო.
დღეს ჩვენ ისევ თურქეთთან გამარჯვებაზე ვლაპარაკობთ. მართალია, ეს დიდი გამარჯვება იყო ძალიან მაგარი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მხოლოდ 1 მოგება იყო. წინ უნდა წავსულიყავით! ეს მოხდა 2017 წელსაც. ერთი თამაში მოვიგეთ და 3-4 დღე აღვნიშნავდით. იგივე დაგვემართა ახლაც. მოვიგეთ 1 მნიშვნელოვანი თამაში და წავაგეთ შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ბულგარეთთან.
ჩვენ ახლა სხვა თამაშის შედეგს უნდა დაველოდოთ. თუ ყველაფერი კარგად წავა, შესაძლებლობა გვექნება, რომ ბერლინში გავემგზავროთ. ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვიმეორებ, თუ დაცვაში ისევ ასე ვითამაშებთ არაფერი გამოგვივა. კალათბურთი მარტივი თამაშია. თუ არ თამაშობ და ენერგიას არ ხარჯავ, ვერ მოიგებ.
ცნობისთვის, ბულგარეთმა მიმდინარე ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება საქართველოს, ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ასევე 1 გამარჯვება აქვს(თურქეთის წინააღმდეგ). მომავალ შეხვედრას ქართველები 7 სექტემბერს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 21:00-დან დაიწყება.
ჯგუფიდან გასვლის შანსები
ჯგუფიდან გასვლისთვის, საქართველომ მონტენეგრო აუცილებლად უნდა დაამარცხოს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ბელგიამ აუცილებლად უნდა მოუგოს ბულგარეთს და ასეთ შემთხვევაში ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები მეოთხე ადგილით გავა.