საქართველოს მესამე მარცხი და ბულგარეთის პირველი გამარჯვება ევრობასკეტზე
ევრობასკეტის მეოთხე ტურში საქართველო ბულგარეთს დაუპირისპირდა და 80:92 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი ქართველების უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. 18:14 ჩვენს სასარგებლოდ. მეორე მეოთხედში სიტუაცია შეიცვალა. ბულგარეთი გააქტიურდა და „ჩვენებურებმაც“ შეცდომებს უმატეს.
მეორე პერიოდი ზუროსის შეგირდებმა 20:25 დათმეს, ხოლო ჯამში პირველი ტაიმი 38:39. მესამე მეოთხედი სრული კატასტროფა იყო. ქართველებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. იყო მომენტი, როდესაც ბულგარეთი 11-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა საბოლოოდ სხვაობა 9 ქულამდე შემცირდა. 19:27 და ჯამში 55:66.
სტუმართა გუნდი 3-ქულიანებს ბრწყინვალედ ისროდა და მეოთხე მეოთხედის ბოლოს უკვე 19 ზუსტი 3-ქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული. ეს კი ევრობასკეტის ისტორიაში ახალი რეკორდია. აქამდე 18 სამ ქულიანით ლატვიის ნაკრები იწონებდა თავს. ბოლო მეოთხედში „ჩვენებურების“ მხრიდან ყველაზე აქტიური მაკფადენი იყო, რომელიც ბულგარელების 3-ქულიანებს ზუსტად პასუხობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის შორეულ ტყორცნებს ვერაფერს უხერხებდა და სწორედ ამ კომპონენტში ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. სამწუხაროდ, უკანასკნელ მეოთხედში კვლავ ბულგარეთი დომინირებდა და საბოლოოდ 80:92 დავმარცხდით.
საქართველოს მხრიდან საუკეთესო გოგა ბითაძე იყო, რომელმაც არასრულ 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბულგარეთის მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი დი ბოსტი იყო. 33 ქულა, 4 მოხსნა 12 შედეგიანი გადაცემა - ასეთია „გალათასარაის“ კალათბურთელის შედეგი.
ცნობისთვის, ბულგარეთმა მიმდინარე ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება საქართველოს, ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ასევე 1 გამარჯვება აქვს(თურქეთის წინააღმდეგ). მომავალ შეხვედრას ქართველები 7 სექტემბერს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 21:00-დან დაიწყება.
ჯგუფიდან გასვლის შანსები
ჯგუფიდან გასვლისთვის, საქართველომ მონტენეგრო აუცილებლად უნდა დაამარცხოს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ბელგიამ აუცილებლად უნდა მოუგოს ბულგარეთს და ასეთ შემთხვევაში ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები მეოთხე ადგილით გავა.