„არგენტინოს ხუნიორსმა“ დიეგო მარადონას პირველმა კლუბმა სტადიონს ლეგენდარული არგენტინელის სახელი დაარქვა. „ბოკა ხუნიორსში“, სადაც დიეგო ორჯერ სხვადასხვა წლებში თამაშობდა დღემდე მის სახელს სკანდირებენ..
ევროპულ ფეხბურთში მარადონა „ბარსელონაში“ რეკორდული ტრანსფერით შემოიჭრა, ხოლო შემდეგ „ნაპოლიში“ გადავიდა, სადაც კლუბის ლეგენდა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა..
არგენტინაში დაბრუნებამდე, დიეგოს 1-წლიანი გაჩერება კვლავ ევროპაში ჰქონდა. ამ სეზონს „დავიწყებულ სეზონს“ უწოდებენ.
ეს არის ისტორია მარადონას „სევილიურ“ კარიერაზე..
მისი ანდალუსიაში გატარებული დრო რეგულარულად აღიწერება, როგორც „დავიწყებული სეზონი“. თუ რატომ ხდება ასე ადვილი მისახვედრია. დიეგოს „სევილიაში“ არაფერი მოუგია და გუნდმაც წარმატებას ვერ მიაღწია.
მაგრამ იმედი იყო..
როდესაც მარადონა ანდალუსიაში მიფრინავდა თავის მოფიქრებულ სიმღერას მღეროდა, რომელიც ძირითადად „სევილიას“ ჩემპიონობას უკავშირდებოდა. გუნდს ერთადერთი ტიტული თითქმის ნახევარი საუკუნის წინ ჰქონდა მოგებული, ხოლო ოთხეულში დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა.
მაგრამ არსებობდა პრეცედენტი. „ნაპოლი“ არასოდეს ყოფილა იტალიის ჩემპიონი და მან იქ ორი ტიტული მოიპოვა. „სევილიაში“ კი ახალი ისტორია უნდა დაეწერა..
ანდალუსიურ კლუბში გადასვლამდე, ლეგენდარულ არგენტინელს კოკაინის მოხმარების გამო 15-თვიანი ბანი ედო, მაგრამ ის ჯერ 31 წლის იყო. კიდევ ერთი დიდებული თავგადასავალი იწყებოდა. მარადონა კვლავ კარლოს ბილარდოსთან ერთად იმუშავებდა, რომელთან ერთადაც 1986 წელს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
„სევილიაში“ ყველაფერი ასე არ მოხდა.. მივიღეთ მხოლოდ ქაოტური სეზონი, რომელშიც ფეხბურთისგან დასამახსოვრებელი არაფერი ყოფილა. სამაგიეროდ მარტივად არის გასახსენებული, თუ როგორ მოსწონდათ დიეგო მის თანაგუნდელებს, როგორ დადიოდნენ ერთად ღამის კლუბებში და როგორ აირია სიტუაცია. ხელმძღვანელობა ამაზე აღშფოთდა.
დავბრუნდეთ ცოტა უკან..
ბილარდომ კარგად იცოდა, რომ „სევილია“ იმ დროს მაღალი დონის გუნდი არ იყო. დანიშვნის შემდეგ, მას „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ კონკურენცია დაავალეს. ცბიერ და გამოცდილ მწვრთნელს გეგმა ჰქონდა.. ის მარადონას გაფორმებას აპირებდა..
არგენტინელების ხატი, რომელთან ერთადაც ბილარდომ მექსიკაში საოცარი ნაკრები ააშენა. 1992 წელს, როგორც უკვე მოგახსენეთ მარადონა ნარკოტიკების მოხმარების გამო დისკვალიფიკაციას იხდიდა. „ნაპოლი“ მას თამაშის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ არც გაყიდვა სურდა..
„სევილიას“ პრეზიდენტმა „ნაპოლის“ 2.5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „პარტენოპეიმ“ ტრანსფერი დაბლოკა. ბილარდო გუნდიდან წასვლით იმუქრებოდა და ლუის კუერვასმა დახმარებისთვის ზეპ ბლატერს და FIFA-ს მიმართა.
ძალაუფლებამ თავისი როლი ითამაშა. 5-საათიანი შეხვედრის და ბლატერის ჩარევის შემდეგ, შეთანხმება შედგა..
1992 წლის სექტემბერში მარადონა „სევილიას“ ფეხბურთელი გახდა..
დასაწყისი
დავბრუნდეთ 1988 წელს, როდესაც ფეხბურთის ლეგენდა ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ თამაშობდა. იმ დროს, დიეგომ განაცხადა, რომ უპირატესობას „ბეტისის“ ქომაგებს ანიჭებდა და არა „სევილიას“. ეს ყველაფერი დავიწყებას მალე მიეცა.
ტრანსფერის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კლუბის VIP მოსაწვევების რაოდენობა 26 000-დან 40 000-მდე გაიზარდა. მარადონას სადებიუტო მატჩიდან კი კლუბმა მხოლოდ ბილეთებით 2.2 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ბილარდომ ფეხბურთელებს სიტუაცია აუხსნა. გუნდის ლიდერი მარადონა უნდა ყოფილიყო და თუ მას ყველა ხელს შეუწყობდა ისტორიულ შედეგს დააფიქსირებდნენ. წინააღმდეგი არავინ იყო და საპირისპირო აზრი არავის დაუფიქსირებია.
მანოლო ხიმენესმა დიეგოს კაპიტნის სამკლაური დაუთმო. ბილარდოს გადაწყვეტილებით, ვარჯიში დილის ნაცვლად შუა დღეს ტარდებოდა. ამის მიზეზად მარადონას სიზარმაცეს ასახელებდნენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა.
არგენტინელი ფეხბურთელის ღამის კლუბების მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. მეტიც, ერთ-ერთ ღამეს ნასვამ მდოგმარეობაში საკუთარი მერსედესიც კი დაამტვრია.
ფეიერვერკი და მეგობრები
ეს ისტორია 1992 წელს „ბაიერნთან“ თამაშისას დაიწყო. მარადონამ გაიბრწყინა და „სევილიამ“ „რეკორდმაისტერი“ 3:1 დაამარცხა. ხოსე მიგელ პრიეტო იხსენებს: „ეს ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ ამხანაგურის არაფერი ეტყობოდა. ეს ერთი კაცის დიდებული შოუ იყო.“
ასეთი მატჩები ბევრი იყო. დიეგომ პოლ გასკოინის „ლაციოსთანაც“ გაიბრწყინა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, მაგრამ არმანდომ საოცარი „მაკრატელა“ დარტყმა შეასრულა, რომელიც კარის ძელს მოხვდა.
ასევე, იყო დაუვიწყარი მატჩები „პორტუს“, „სან პაულის“ და „გალათასარაის“ წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ყოფილ გუნდთან დაპირისპირება იყო. მარადონამ „ბოკა ხუნიორსს“ შეუტია..
„ფანატიზმის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ მარადონა „ბოკას“ სტადიონზე არ დავინახე. გულშემატკივრები მას უბრალოდ აღმერთებენ.“ - თქვა პრიეტომ
დავბრუნდეთ ლა ლიგაში.. მარადონას ისევ გართობა სურდა. პირველივე მატჩში „სარაგოსას“ წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, მაგრამ ამ შეხვედრაში გოლზე მეტად სხვა რამემ მიიქცია ყურადღება. დიეგო კუთხურს აწვდიდა რა დროსაც იქვე დაგდებული ფოლგისგან გაკეთებული პატარა ბურთი დაინახა. ლეგენდარულმა არგენტინელს მეტი რა უნდოდა? ადგა და ჟონგლიორობა დაიწყო, თამაში საერთოდ აღარ ახსოვდა. „სევილიას“ ქომაგები კი აღფრთოვანდნენ.
ეს იყო ვინტაჟური დიეგო..
„ეს რამდენჯერმე ვარჯიშზეც გააკეთა. ერთხელ ძირს დაგდებული ლიმონი დაინახა და რა თქმა უნდა, ფეხბურთის თამაში დაიწყო. ეს საოცარი სანახაობა იყო. იცით? ჩვენი გუნდელები ამის გამეორებას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ“ - იხსენებს დიეგოს თანაგუნდელი რაფა პაზი
თანაგუნდელები
გასაოცარია, რომ „სევილიაში“ დიეგოს თანაგუნდელები შურიანები არ იყვნენ და მათში მხოლოდ აღფრთოვანებას და სიამაყეს იწვევდა. საინტერესო ისტორია აქვს მონჩის, რომელიც მოგვიანებით კლუბის სპორტული დირექტორი გახდა. დიეგომ მის „როლექსის“ ფირმის ყალბ საათს შეხედა და უმალ ორიგინალი უყიდა.
სხვა თანაგუნდელებს მაისურებს ჩუქნიდა და უფლებას აძლევდა, რომ მისი სხვადასხვა მანქანებით ნებისმიერ დროს ევლოთ. ვახშმები და წვეულებები გვიან ღამით ტრადიციად იქცა.
„ეს იყო სიხარული და ბედნიერება. იმ დროს, მარადონას „სევილიაში“ გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი დაცულად იგრძნო. დიდი მადლობას დიეგოს იმ პერიოდისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად გაატარა.“ - იხსენებს დიეგო სიმეონე, რომელიც მაშინ „სევილიაში“ თამაშობდა.
მონჩის თქმით, წონის პრობლემების გამო მარადონა თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30%-ს აჩვენებდა, თუმცა ეს მოწინააღდეგეებისთვის საკმარისი იყო. ხიხონის „სპორტინგთან“ გამართულ მატჩს დღესაც სიყვარულით იხსენებენ. მადრიდის „რეალის“ 2:0 დამარცხებაშიც დიდი წვლილი შეიტანა და ამან სრულიად ანდალუსია ჭკუიდან შეშალა.
იმ საღამოს პირველი გოლი დავორ შუკერმა გაიტანა, რომელიც მოგვიანებით „რეალს“ შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და შემდეგ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბომბარდირი გახდა.
„როდესაც პატარა ვიყავი მარადონას თამაშებს ჩემს ოთახში ტელევიზორის საშუალებით ვუყურებდი. მოულოდნელად კი მასთან ერთად ვსაუზმობდი, ვხუმრობდი, ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. იმედი მქონდა, რომ რაიმე განსაკუთრებულს მასწავლიდა და როგორც იქნა მან პირადად მე დამირეკა.
მან თქვა: „არ მინდა, რომ ფლანგებზე უაზროდ დარბოდე. შენ უბრალოდ თავი ასწიე, მეკარისკენ გაიქეცი და იქ ბურთს მე დაგახვედრებ.. ამის შემდეგ კი შენ ბევრ გოლს გაიტან.“
თუ თქვენ ჩემს გატანილ გოლებს ნახავთ „სევილიას“ რიგებში, დარწმუნდებით, რომ დიეგომ ეს ყველაფერი მასწავლა. ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრება ჩემში იქნება და გულით ვატარებ.“ - იხსენებს დავორ შუკერი
პრობლემები და დასასრული
გარღვევა და პრობლემები „ბურგოსთან“ მატჩის დროს დაიწყო. ანგარიში 1:1 იყო და ბილარდომ მარადონა შეცვალა.. ამის გამო კი მარადონამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა..
ფეხბურთის ლეგენდას ამის შემდეგ, „სევილიაში“ აღარასდროს უთამაშია. 1993 წლის 23 ივნისს დიეგომ ესპანეთი დატოვა. ანდალუსიურმა კლუბმა სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და ევროსაგზური ვერ მოიპოვა. მარადონას უკანასკნელი ქმედება სასამართლოში ჩივილი იყო. არმანდო ამბობდა, რომ მას კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს..
ეს იყო სევდიანი თავგადასავლის, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურად დაიწყო. 26 ჩატარებული შეხვედრა და 5 გოლი. მიუხედავად ამისა, დიეგო მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც წავიდა და საბერძნეთს ბრწყინვალე გოლი გაუტანა, თუმცა დოპინგ კონტროლის ჩავარდნის გამო სახლში გაუშვეს..
მიუხედავად იმისა, რომ მარადონამ „სევილიას“ სპორტული კუთხით ვერაფერი შემატა, მისი გუნდელები დღესაც ამბობენ, რომ დიეგოს გუნდში ყოფნა მათთვის ყველაზე დიდი გამარჯვება და საჩუქარი იყო..