,,მისი სტარტი უპრეცედენტო და გასაოცარია“ - BT Sport-ის წამყვანები ხვიჩაზე
BT Sport-ის წამყვანებმა ჯეიმს რიჩარდსონმა და ჯეიმს ჰორნკასტლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს. ჰორნკასტლის თქმით, სპალეტისთან მუშაობით ხვიჩა კვარაცხელია შესაძლებლობებს გააუმჯობესებს, რიჩარდსონი კი კვარაცხელიას მიერ სერია ა-ში ჩატარებულ მატჩებს უპრეცედენტოს უწოდებს.
ჯეიმს რიჩარდსონი: ,,ვერ ვიტყვით, რომ ის არსაიდან მოვიდა, თუმცა მას ბევრი არ იცნობდა. რამდენად შეიძინეს? 10 მილიონად?''
ჯეიმს ჰორნკასტლი: ,,დიახ, ასეა. 10 მილიონად შეიძინეს. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ FIFA-მ შემოიღო წესი, რომლის მიხედვით რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა ან დროებით შეჩერება შეეძლოთ. ის ყაზანის ,,რუბინში'' თამაშობდა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის ,,დინამოში'' იასპარეზა. ,,ნაპოლიმ'' 10 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლუჩიანო სპალეტი ის მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელის სრული პოტენციალის აღმოჩენა შეუძლია. ის მოთამაშეებს პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, სალაჰი. არ ვამბობ, რომ კვარაცხელიას ისეთივე კარიერა ექნება, როგორიც სალაჰს ჰქონდა, თუმცა სპალეტი კვარაცხელიას შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. ასეთი რამ ,,ნაპოლის'' ბევრ ფეხბურთელთან მიმართებით მოხდა. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ ლობოტკა და გავიხსენოთ დავიდ პიზარო და ბროზოვიჩი.
ჯეიმს რიჩარდსონი: ,,ვიცი, რომ შედარებებს გაურბიხარ, მაგრამ კვარაცხელიას სტარტი უპრეცედენტო იყო, მონაწილეობა მიიღო ამდენ გოლში. ეს საოცარი შედეგია. საინტერესოა, რამდენად შორს წავა კვარაცხელია და რამდენად შორს წავა ,,ნაპოლი''.
შეგახსენებთ, სერია ა-ს სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, იტალისი ჩემპიონატის საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა.