ბერიძის დუბლი ბეშიქთაშთან - ანკარაგიუჯუ მაინც დამარცხდა
თურქეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში „ანკარაგიუჯუ“ „ბეშიქთაშს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება გიორგი ბერიძისთვის იყო გამორჩეული, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა. ამის შემდეგ, სტუმრები გააქტიურდნენ და ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს. პირველი ტაიმი „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მეორე ტაიმი „ანკარაგიუჯუმ“ აქტიურად დაიწყო და უკვე 47-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები კარგად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ ერთი მომენტი მაინც გაეპარათ. 74-ე წუთზე „ანკარაგიუჯუს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კუდუმ ზუსტად შეასრულა. საბოლოო ანგარიში, როგორც უკვე მოგახსენეთ 2:3.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგი ბერიძემ თურქული კლუბის შემადგენლობაში მეოთხედ იასპარეზა და სადებიუტო გოლები სწორედ „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ გაიტანა. ამ მომენტისთვის, „ანკარაგიუჯუ“ სატურნირო ცხრილში 1 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.