ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია ხვიჩაზე წერს

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ, AIC-მა ეს ოფიციალურად დაადასტურა და საკუთარ ვებგვერდზე სტატია შემოგვთავაზა, რომელშიც „კვარაზე“ საუბრობს.

„პირველ შეხვედრებში კვარაცხელიამ მთელი თავისი რეპერტუარი აჩვენა, რომელიც მოკლე მონაკვეთებში დრიბლინგის უნარისგან, ბურთის გაკონტროლების ცოდნისგან და ორივე ფეხით დარტყმების განხორციელების შესაძლებლობისგან შედგება. მან უკვე სამი გოლი გაიტანა და მეტოქეთა კარი თავით, მარჯვენა ფეხით და მარცხენა ფეხით აიღო. კვარაცხელიამ საგოლე გადაცემაც მიითვალა და რაც მთავარია, ყოველთვის როცა ბურთს იღებდა, რაღაც მნიშვნელოვანისა და განსაკუთრებულის მოხდენას აპირებს.

ხვიჩამ ისიც აჩვენა, რომ ლიმიტი ჯერ კიდევ აქვს და მისთვის რთულია თამაში, როცა დოდოსნაირი მეურვე იყვანს ან პასების გასაკეთებლად ზონები არ რჩება. მიუხედავად ამისა, სერია A-ზე მის მიერ მოხდენილი გავლენა ნამდვილად დადებითი იყო და საქმე იქამდე მივიდა, რომ მისმა კოლეგებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მან სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, კალულუს და სერია A-ს კიდევ ერთ სიურპრიზს, ნემანია რადონიჩს აჯობა.

ხვიჩა კვარაცხელია 21 წლისაა და ნორმალურია, რომ იტალიის ჩემპიონატთან შეგუება სჭირდება. მონცასთან გაფორმებული დუბლი და ის შეხვედრა ერთ-ერთია, რომელსაც შეგვიძლია, ვუყუროთ, რათა არ დაგვავიწყდეს, როგორი პოტენციალი აქვს. მარჯვენა ფეხით გატანილი ბრწყინვალე გოლი და მარცხენა ფეხით შეგდებული ლამაზი ბურთი. კვარაცხელია იმასაც აჩვენებს, რომ ჩაწოდებები კარგად გამოსდის და ფიორენტინასთან, ლოსანოს ბურთი დაასვა. ეს მხოლოდ დასაწყისია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მისმა კოლეგებმა ხვიჩასთვის ჯილდოს გადაცემა უკვე გადაწყვიტეს“,- წერს იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, მე-5 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 3 სექტემბერს გაიმართება და 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. უდიდესი ალბათობით, კვარაცხელია „ლაციალესთან“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები