გოგა ბითაძე: „პატარა შანსიც თუ იქნება, აუცილებლად ვითამაშებ“
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა, გოგა ბითაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ბელგიასთან მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა. გოგას თქმით, მას სიარული უჭირს, მაგრამ თუ პატარა შანსი მაინც იქნება, რომ პარკეტზე გავიდეს, ამას აუცილებლად გააკეთებს.
„თამაშის შანსებზე საუბარი უფრო ადვილი ხვალ იქნება, დღეს ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ოვერტაიმში დამარცხდა და 76:79 წააგო. ილიას ზუროსის გუნდის მომდევნო მეტოქე ესპანეთია. „ფურია როხას“ ხვალ დავუპირისპირდებით და იმედი ვიქონიოთ, რომ გოგა პარკეტზე გასვლას შეძლებს.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზე იმყოფება. ჩვენი მთავარი კონკურენტები მონტენეგროსა და ბულგარეთის ნაკრებები არიან, რომლებსაც 6 და 7 სექტემბერს შევხვდებით.