შენგელია ოპერაციას გადაურჩა - პარკეტს ორ თვეში დაუბრუნდება
იტალიური Sportdando-ს ცნობით, თორნიკე შენგელიას ოპერაცია არ სჭირდება, ქართველი კალათბურთელი პარკეტზე ორ თვეში დაბრუნდება. სავარაუდოდ, თამაშს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში განაახლებს.
თორნიკე შენგელიამ ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩში მიიღო, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ შენგელიას ოპერაცია ჩაუტარდებოდა, თუმცა პირველ სექტემბერს ჩატარებული გამოკვლევიდან გამომდინარე, შენგელია ოპერაციას გადაურჩა.
საქართველოს ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე აცხადებდა, რომ შენგელიას კონსერვატიული ან ოპერაციული გზით უმკურნალებდნენ. პირველ სექტემბერს ჩატარებულმა გამოკვლევამ ამ კითხვას პასუხი გასცა.
Sportdando: "შენგელიას მხრის ამოვარდნა დაუდასტურდა, რასაც მყესების დაზიანება დაერთო, მკურნალობა კონსერვატორული მეთოდით ჩატარდება''.
აღნიშნული წყაროს ცნობით, შენგელია ,,ბოლონიასთან'' ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
თორნიკე შენგელიამ, მხრის მოტეხის შემდეგ, ქომაგებს მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველას უდიდესი მადლობა მხადაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან!
იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ არც ერთ დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება იყო მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედრილიყავი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა. მაგრამ სპორტში სხვა ბევრ დადებითთან ერთად სამწუხაროდ ასეთი მომენტებიც ხშირია.
მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს.
თუმცა, დღეს მე ვარ მშვიდად, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრის და ჩემი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რთული მომენტები უფრო დიდ მოტივაციას და ძალას შემატებს ჩვენ ბიჭებს!
ჩემზე არ იდარდოთ, ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ, მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.
ახლა კი გთხოვთ, ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული, პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენ თითოეულ გამამხნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.
მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!“