მორიგი ქართველი ავსტრალიაში - არაბული მაკარტურში ითამაშებს
ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. 28 წლის ნახევარმცველი, ბაჩანა არაბული კარიერას „მაკარტურში“ გაავრცელებს. ავსტრალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით მხარეებს შორის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
მაკარტურის საიტზე ბაჩანა არაბულის კომენტარიც ვრცელდება.
რას ამბობს ქართველი ფეხბურთელი:
ძალიან მოხარული ვარ ხარებში გადმოსვლით. მოუთმენლად ველოდები კლუბთან შეერთებას და პირველი თამაშის გამართვას. ჩემთვის ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ ვითამაშო ავსტრალიის ჩემპიონატში და მივიღო გამოცდილება ისეთი თავდამსხმელისგან, როგორიც დუაიტ იორკია.
Macarthur FC can confirm the signing of Georgian international striker Bachana Arabuli. pic.twitter.com/EEgYqKgqck
— Macarthur FC (@mfcbulls) September 1, 2022
ბაჩანა არაბულის დამატებაზე კომენტარი დუაიტ იორკმაც გააკეთა, რომელიც ახლა „მაკარტურის“ მთავარი მწვრთნელია.
რას ამბობს იორკი:
ის მოდის ჩვენთან შესანიშნავი გოლების რეკორდით. ბაჩანა სწორედ ისაა, ვისი მოყვანაც გვსურდა. მოგვწონს მისი სტილი, ის უნიკალურია. თამაშობს მარცხენა ფეხით, რაც ცოტა განსხვავებულ განზომილებას გვაძლევს.
ვგრძნობთ, რომ მისი დამატება ჩვენთვის კარგი იქნება. ის გვაიძულებს უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ მოედნის ყველა მონაკვეთში. გვინდა მოთამაშეებს შორის ჯანსაღი კონკურენცია შევქმნათ და გუნდში არაბულის აქ ყოფნით ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
ბაჩანა არაბული ბოლოს საბერძნეთის ჩემპიონატის გუნდ „ლამიაში“ თამაშობდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დააგროვა. 28 წლის ფეხბურთელი მანამდე თბილისის „დინამოს“, უნგრული „ბალმაჟუვაროშის“, ათენის „პანიონიოსის“, უნგრული „პუშკაშის აკადემიის“, „სამტრედიის“, გორის „დილას“ და „ცხინვალის“ ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ არაბულის გარდა ავსტრალიის ჩემპიონატში კიდევ ორი ქართველი - ბექა მიქელთაძე და ბექა დარცმელია თამაშობენ. ორივე ფეხბურთელი „ნიუკასლ ჯეტსის“ ღირსებას იცავს.