ვალენსია ბოლო საათებში წინადადებას ელოდება - მამარდაშვილმა შესაძლოა მესტალია დატოვოს
ესპანური გამოცემა, Superdeporte.es-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება. რამდენიმე საათის წინ, „სიტის“ ინტერესის შესახებ დაიწერა და Superdeporte-ს თქმით, „ღამურები“ ეჭვობენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, „მამარდას“ თაობაზე სერიოზულ წინადადებას მიიღებენ.
„კარლოს სოლერის საკითხი ერთადერთი არაა, რომელიც ამ წუთისთვის ღიაა. ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპულ კლუბებში უფრო და უფრო დიდ ინტერესს იწვევს. სატრანსფერო ბაზარზე ბოლო წამს განხორციელებული გარიგებები ჩვეულებრივი მოვლენაა და ვალენსიაში ვარაუდობენ, რომ არის შანსი, ქართველი მეკარის თაობაზე უსწრაფესად მომზადებული წინადადება მიიღონ. როგორც Superdeporte-ს უთხრეს, გიორგისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება თვეებია შეთანხმებულია, მაგრამ ფინანსური ფეარ პლეის გამო ეს ვერ ხერხდება.
ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ქართველი გიგანტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. თუ ეს არ გამოვიდა, მამარდაშვილის ღირებულება 20 მილიონი ევრო დარჩება. ამ წუთისთვის არაფერია გამორიცხული და მის მომავალთან დაკავშირებით, შექმნილი გაურკვევლობის გამო, კლუბი იხრება იმისკენ, რომ შეთავაზებას დათანხმდეს, რომელსაც ბოლო საათებში მიიღებს“, - წერს ესპანური გამოცემა.
ცნობისთვის, Futbol Total-ი, რომელიც სატრანსფერო სიახლეებზე ორიენტირებული გამოცემაა, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდება. Futbol Total-ს თუ დავუჯერებთ, „ქალაქელებს“ მამარდაშვილის გაფორმება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში სურთ. გარიგების ღირებულება 10-12 მილიონი ევრო იქნება და ბრიტანელები აპირებენ, იგი ამ სეზონში, „ვალენსიაში“ იჯარის წესით დატოვონ.