ევრობასკეტი, გიორგი შერმადინი, ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„სიურპრიზის შეთავაზება ნებისმიერ გუნდს შეუძლია“ - ზუროსი და შერმადინი ევრობასკეტზე

ხვალიდან, საქართველოში ევრობასკეტ 2022 დაიწყება. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში A ჯგუფის შეხვედრები გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.

ტურნირამდე ერთი დღით ადრე, თბილისში მოთამაშე ექვსივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და მოსამზადებელი ეტაპი შეაჯამა. ჟურნალისტების კითხვებს ილიას ზუროსმაც უპასუხა.

რა თქვა ზუროსმა ტურნირამდე:

ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს ვმასპინძლობთ. იმედი გვაქვს, კარგი ტურნირი გამოვა. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მოთამაშეებს კი ჯანრმთელობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იცით, რამდენიმე დღის წინ კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა.

შენგელიას გამოკლება ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ბოლო მატჩებში ის მოედანზე 30-ზე მეტ წუთს ატარებდა და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. ამით ის მთელ გუნდს ეხმარებოდა. ამ სამწუხარო შემთხვევის შემდეგ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. ცინცაძისა და შერმადინის სახით, ნაკრებს გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, ისინი გუნდს დიდ მუხტს აძლევენ.

ტაქტიკა უკვე შევცვალეთ. მეტი სამუშაო პერიმეტრზე გვაქვს. წინა მატჩში საკმაოდ კარგად ვიმოქმედეთ. ახლა სხვა თამაში იქნება, ბელგია ძალიან ძლიერი გუნდია, თან საწყისი მატჩი ყოველთვის ძალიან რთულია.

გოგა ბითაძეს ჩვენთან ერბთად დიდი დრო არ გაუტარებია, ტრავმა ჰქონდა. მინდა მას მივმართო და ვუთხრა, რომ ძალიან გვიხარია მისი ნაკრებში ყოფნა. გოგა ძალიან ბევრს ეცადა, რომ გუნდთან ერთად ყოფილიყო.

როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ. მომეწონა, თუ როგორ ვითამაშეთ იტალიასთან, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულობა და სტაბილურობა გვჭირდება, რათა ასე გამოსვლა გავაგრძელოთ და არა მხოლოდ ეს, ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უკეთესი უნდა გახდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 7 დღეში 5 მატჩის გამართვა მოგვიწევს, ამიტომ ყველა მოთამაშე უნდა გამოვიყენოთ, საკუთარი მოვალეობა თითოეულმა მათგანმა უნდა შეასრულოს, რადგან ამ ტურნირზე ყველა ნაკრები ძლიერია და მეტოქისთვის სიურპრიზის შეთავაზება ნებისმიერ გუნდს შეუძლია.

მოახლოებულ ტურნირზე და ბელგიასთან მატჩზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმაც ისაუბრა.

ბრწყინვალე გრძნობაა, ასეთ ტურნირზე შინ ვთამაშობთ, ჩვენს დედაქალაქში, ჩვენს დარბაზში, ჩვენი ხალხის წინაშე. ევრობასკეტის დაწყებას დიდი ხანი ველოდით. მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, თამაშები ჩავატარეთ, ხვალ კი შეჯიბრებაც იწყება.

საწყის მატჩს კარგი განწყობით ვხვდებით და როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ჩვენ პირველი რაუნდის გადალახვა და პლეი ოფში გასვლა გვსურს. იმედია, ყველა ჯანმრთელი იქნება და კარგ კალათბურთს ვაჩვენებთ. ამ დონის ტურნირის მასპინძლობა მთელ ქვეყანას ახარებს. ხვალ სავსე დარბაზი იქნება, ხალხი იმდენი ხანია ამ შეჯიბრების დაწყებას ელოდება, რომ მგონია, ემოციები არ დაგვაკლდება.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება. მატჩი ხვალ, 21:00 საათზე თბილისის ახალ სპროტის სასახლეში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრობასკეტი: ფანზონა და გახსნის ცერემონია რიყეზე
ევრობასკეტი: ფანზონა და გახსნის ცერემონია რიყეზე