„ლიტმანენსა და სნეიდერს უფრო ვამსგავსებ“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს სპორტული დეპარტამენტის მთავარმა რედაქტორმა, ვალტერ დე მაჯომ, „პარტენოპეის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პასკუალე კასალემ და „ლეჩეს“ ექს-მოთამაშემ, პედრო პასკულიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.
რა თქვა დე მაჯომ
„ფიორენტინასთან მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა, რომ შესანიშნავი რაღაცების გაკეთება შეუძლია მაშინაც, როცა გოლი ვერ გააქვს. ირვინგ ლოსანოს მისამართით შესრულებული პასი ნახეთ? ფლორენციაში, იმ ეპიზოდში ქართველმა გარემარბმა მონა ლიზა დახატა, მაგრამ მექსიკელმა ბურთთან შეხებისას შეცდომა დაუშვა“.
რა თქვა კასალემ
„ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია შემტევი ნახევარმცველი უფროა, ვიდრე გარემარბი. ვადარებ თუ არა მას ინსინიეს? ქართველი ფეხბურთელი ლიტმანენსა და სნეიდერს უფრო ჰგავს, ვიდრე ლორენცოს. მიეცით უფლება, რომ რასპადორისთან ერთად ითამაშოს, ოღონდ, პოზიციები შეუცვალეთ. ჯაკომო მარცხენა ფლანგზე დააყენეთ, რადგან სასუოლოში ყოფნისას ამ პოზიციაზე შესანიშნავი იყო“.
რა თქვა პასკულიმ
„კვარაცხელიამ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მან პირველივე წუთიდან ხასიათი გამოავლინა და იმ როლის მორგება, რომელიც ინსინიეს ეკუთვნოდა, მარტივი ნამდვილად არ არის“.
ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას დღეს, „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.