მამარდაშვილი სიტის რადარზე - ქალაქელებს მისი გაფორმება სურთ
უცხოურ პრესაში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Futbol Total-ი, რომელიც სატრანსფერო სიახლეებზე ორიენტირებული გამოცემაა, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდება.
Futbol Total-ს თუ დავუჯერებთ, „ქალაქელებს“ მამარდაშვილის გაფორმება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში სურთ. გარიგების ღირებულება 10-12 მილიონი ევრო იქნება და ბრიტანელები აპირებენ, იგი ამ სეზონში, „ვალენსიაში“ იჯარის წესით დატოვონ.
???? Info: El Manchester City quiere fichar a Giorgi Mamardashvili en las últimas horas del mercado y dejarlo cedido esta temporada en el Valencia. Precio alrededor de los 10-12 M€. #mercato ???????? pic.twitter.com/921vVyaSWG
— Fútbol Total (@FutbolTotalCF) August 30, 2022
მამარდაშვილი „ღამურების“ ნომერ პირველი მეკარეა და „მესტალიაზე“ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ესპანურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „ჩე“ „მამარდასთვის“ ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს და მცირე შანსია, მის გაშვებას 10-12 მილიონად დათანხმდეს, თუმცა გამორიცხული ნამდვილად არაფერია. სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ, Marca-მ დაწერა, რომ არის შანსი, „ვალენსიამ" ქართველი მეკარე დაკარგოს.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა 2 გოლი გაუშვა და ბოლო შეხვედრაში, რომელიც „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართა, ბრწყინვალედ იასპარეზა. „მამარდამ“ 6 სეივი მიითვალა და Marca-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.