რა ვნახეთ და რა უნდა ყოფილიყო? - მანჩესტერის სატრანსფერო ფანჯარა
სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე დაიხურება. მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 227 მილიონი ევრო დახარჯა, ბოლო შეთანხმების მიღწევას აპირებს. „წითელი ეშმაკები“ მარტინ დუბრავკას იჯარის წესით გადმოყვანასთან ძალიან ახლოს არიან.
რეალურად, ერიკ ტენ ჰაგს ხელმძღვანელობამ იმაზე მეტი ფინანსები გამოუყო, ვიდრე რომელიმე მწვრთნელს დღევანდელ დღემდე. გლეიზერები ნიდერლანდელ სპეციალისტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
ამის ნათელი მაგალითი ანტონის შეძენაა. „მანჩესტერმა“ აიაქსს 100 მილიონი ევრო გადაუხადა. „იუნაიტედმა“ ყველასთვის წარმოუდგენელი ტრანსფერი განახორციელა. საუბარი კაზემიროზეა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებში“ გადავიდოდა.
ამ ყველაფრის ფონზე კი ბოლო თვეების განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვერაფერით დაარწმუნა ფრენკი დე იონგი. ინგლისურმა კლუბმა ნიდერლანდელის გადასაბირებლად ყველაფერი სცადა, მაგრამ თავად ფეხბურთელის პოზიცია მყარია. მას „ბარსელონაში“ უნდა დარჩენა.
ტაირელ მალასია, კრისტიან ერიქსენი, ლისანდრო მარტინესი, კაზემიორი, ანტონი და ბოლოს დუბრავკა - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „იუნაიტედმა“ დაიმატა, მაგრამ პრობლემები ამით არ დასრულებულა. აშკარაა, რომ ტენ ჰაგის პრიორიტეტი დე იონგი იყო და ამავდროულად გუნდს თავდამსხმელი და მარჯვენა მცველი ესაჭიროება.
GOAL-ის ინფორმაციით, „იუნაიტედი“ დე იონგთან მოლაპარაკების განახლებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პირველ სექტემბრამდე უკანასკნელი შენაძენი დუბრავკა იქნება.
ვერდიქტი
ასეთმა სატრანსფერო პოლიტიკამ „მანჩესტერს“ სეზონი არასახარბიელოდ დააწყებინა. მარჯვენა მცველის და თავდამსხმელის პრობლემა არ მოგვარდა. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ერიკ ტენ ჰაგს დიდი მხარდაჭერა აქვს და ახლა ყველაფერი მის ხელშია.