„მეკარე მომდევნო 10 წლისთვის“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდას თამაშზე
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველი მეკარე „ატლეტიკოსთან“ გამართულ შეხვედრაში გამოირჩა, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 წააგო და „მამარდამ“ 6 სეივი მიითვალა. მატჩის შემდეგ, ესპანურმა გამოცემებმა „ჩეს“ გოლკიპერი შეაქეს და მის შესახებ ბევრი დაიწერა.
Superdeporte: „ბრწყინვალე მატჩი ქართველი ფეხბურთელისგან, რომელმაც ვალენსია რამდენიმე შესანიშნავი სეივით გადაარჩინა“.
Plazadeportiva: „მეკარე მომდევნო 10 წლისთვის. მამარდაშვილი წყალობაა. ქართველი მეკარე უკვე რეალობა და წარმატებაა და შეუძლია, მესტალიაზე ეპოქას თავისი კვალი დაატყოს“.
AS: „პარადაშვილი (პარადას ესპანურად სეივია). შესანიშნავი თამაში ქართველი მეკარისგან, რომელმაც ჟოაუ ფელიქსს გოლი წაართვა და მისი ძლიერი დარტყმა აიღო. იყო ეპიზოდი, როცა მასთან პირისპირ დარჩენილი მორატას დარტყმა ფეხით განხორციელებული მონუმენტური სეივით მოიგერია, მეორე ნახევარში კი გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებას გადაარჩინა“.
Marca: „ვალენსიასთვის ერთადერთი გამორჩეული მომენტი მისი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიერ ნაჩვენები თამაში იყო, რომელიც გოლის ეპიზოდში ვერაფერს იზამდა და 6 სეივის გამო, ჩვენგან 3 ვარსკვლავი დაიმსახურა, რაც ამ მატჩში საუკეთესო მაჩვენებელია“.
შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 1 მოგებით და 2 მარცხით მე-14 ადგილს იკავებს, მამარდაშვილმა კი სამ თამაშში 2 ბურთი გაუშვა. ჯენარო გატუზოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 4 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ ელის.