„ყველაფერი მოიგერია“ - ობლაკმა და სიმეონემ მამარდაშვილზე ისაუბრეს
ლა ლიგის მე-3 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა. „ღამურები“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, ქართველმა მეკარემ კი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შეხვედრა 6 სეივით დაასრულა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, ესპანურმა გამოცემებმა „მამარდა“ შეაქეს და მისი თამაში უყურადღებოდ არც „ატლეტიკოს“ მეკარეს, იან ობლაკსა და „როხიბლანკოს“ მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს დაუტოვებიათ.
რა თქვა ობლაკმა
„პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ნახევარში მოვუმატეთ და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. მწვრთნელის მიერ განხორციელებული ცვლილებების წყალობით, მიზანს მივაღწიეთ და მოვიგეთ. მნიშვნელოვანი თამაში იყო, რომელიც კარგად არ დაგვიწყია და მთავარია, სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. ვალენსიამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პრესინგი შესანიშნავად ითამაშა. მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით, ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვალენსიას მეკარემ ყველაფერი მოიგერია“.
რა თქვა სიმეონემ
„მატჩის სტარტზე, მეტოქე თამაშს უკეთ აკონტროლებდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. მორატა, გრიზმანი, კარასკო, ისევ გრიზმანი, მათი მეკარე ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო“.
შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 1 მოგებით და 2 მარცხით მე-14 ადგილს იკავებს, მამარდაშვილმა კი სამ თამაშში 2 ბურთი გაუშვა. ჯენარო გატუზოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 4 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ ელის.