ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მადრიდის ატლეტიკო
Aa
Aa

დასანანი მარცხი ატლეტიკოსთან - მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ლა ლიგის მესამე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა მეკარემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თავის ესპანურ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მამარდაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდიც შემოგვთავაზა.

მადრიდელები გიორგის კარს პირველად 32-ე წუთზე დაემუქრნენ. ქართველი მეკარის კარში გოლის გატანას ჟოაო ფელიქსი ცდილობდა, თუმცა მამარდაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

პირველი ტაიმის მიწურულს „ვალენსიის“ კარის დარაჯმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, როდესაც პირისპირ დარჩენილ მორატას არ მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი გუნდი 100%-იან გოლს გადაარჩინა.

სამწუხაროდ, შეხვედრაში გარდამტეხი 65-ე წუთზე შექმნილი ეპიზოდი აღმოჩნდა. მოედანზე ახლადშემოსული გრიზმანი გიორგისთვის გატანას შორიდან ცდილობდა, მისი დარტყმული კი კარლოს სოლერს მოხვდა, რის შემდეგაც ბურთი მამარდაშვილის კარის ბადეში აღმოჩნდა. ამ ეპიზოდში ქართველი მეკარე უძლური იყო და მისი დადანაშაულებაც ლოგიკას მოკლებული იქნება.

დარჩენილ დროში „მამარდამ“ კიდევ რამდენიმე ბურთი მოიგერია, მათგან ყველაზე გამორჩეული კი 89-ე წუთზე, კარასკოს ახლოდან დარტყმული იყო. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ კი გიორგიმ გრიზმანს არ მისცა დუბლის შესრულების შესაძლებლობა.

საბოლოოდ, „ვალენსია“ მეტოქესთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა და რომ არა დასანანი გოლი, დიდი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდებოდა.

„მამარდას“ ყველა ეპიზოდი ატლეტიკოსთან:

3 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 1 მოგებით და 2 მარცხით მე-14 ადგილს იკავებს, მამარდაშვილმა კი სამ თამაშში 2 ბურთი გაუშვა.

 ჯენარო გატუზოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 4 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები