EUROBASKET 2022: რა უნდა ვიცოდეთ A ჯგუფის შესახებ
1 სექტემბრიდან საქართველოში ევრობასკეტ 2022 დაიწყება. ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონების A ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.
ტურნირის დაწყებამდე 3 დღით ადრე FIBA-მ ოფიციალურ ვებ-გვერდზე A ჯგუფის წევრებზე მცირე ინფორმაცია შემოგვთავაზა და ექვსივე გუნდის შანსები შეაფასა.
რა წერია FIBA.COM-ზე:
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები თაობათა ცვლას განიცდის, რისი მოსმენაც ალბათ A ჯგუფის ყველა წევრს გარკვეულ სიამოვნებას ანიჭებს.
თურქეთი ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ კანდიდატად გამოიყურება, რომელიც დიდი ალბათობით ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავა. ბელგიელები იმედოვნებენ, რომ იმ იმ პოზიტიურ პერსპექტივებს დაეყრდნობიან, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე აჩვენეს.
მონტენეგრო ტურნირს მოგვიანებით შეუერთდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრები მოიკვეთა, მაგრამ ეს გუნდი მაინც ძლიერად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ისინი ისეთი ძლიერები არიან, როგორც არასდროს, ბულგარეთს კი ჰყავს სუპერვარსკვლავი, რომელიც შეიძლება ამ გუნდისთვის ბერლინის ბილეთი გახდეს.
საქართველოს ნაკრები კი იმედოვნებს, რომ საშინაო არენაზე გამორჩეულად მაღალი კალათბურთელებით შეძლებს წარმატების მიღწევას.
ყურადღება ესპანეთზე:
მსოფლიო ჩემპიონები ახლა ძმები გასოლების გარეშე არიან, ასევე, ვერ ითამაშებს რიკი რუბიო, ცოტა ხნის წინ კი გუნდს სერხიო ლულიც გამოაკლდა, რომელმაც საწვრთნელ შეკრებაზე მიიღო ტრავმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანეთი სრულად განახლებული შემადგენლობით იქნება. საბედნიეროდ, მათ ჰყავთ ისეთი ძლიერი დამრიგებელი, რომელიც სწორ ცვლილებებს განახორციელებს.
სერჟიო სკარიოლომ ახალი გეგმა შეიმუშავა. ლორენცო ბრაუნი მცველის მოვალეობას შეასრულებს. ძმებ ერნანგომესებსაც უფრო დიდი როლი დაეკისრებათ, ვეტერანი რუდი ფერნანდესი ლიდერის ფუნქციებს შეითავსებს, უსმან გარუბა და ჯოელ პარა კი ახალგაზრდა იარაღები იქნებიან.
შეიძლება, მათ ახლა ოქროს თაობა აღარ ჰყავთ, მაგრამ ამ გუნდის მენტალიტეტის შესახებ ყველამ კარგად იცის. მათ შესწევთ ძალა, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულონ.
View this post on Instagram
მოთამაშე, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ: ალპერენ სენგუნი.
„ჰიუსტონ როკეტსმა“ კარგად იცოდა რას მიიღებდა ამ კალათბურთელისგან გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ის 2021 წლის დრაფტზე ოკლაჰომას გაუცვალეს, მაგრამ არ ელოდნენ, რომ ასე სწრაფად ათამაშდებოდა.
გასულ სეზონში მან NBA-ში 72 მატჩი ჩაატარა, მათგან 13 სასტარტოში დაიწყო. 1 თამაშში ის საშუალოდ მოედანზე 20.7 წუთში 9.6 ქულას, 5.5 მოხსნას და 2.6 პასს აგროვებდა. თურქეთის ნაკრებთან ერთად მან უკვე ჩაატარა რამდენიმე თამაში, მათ შორის სერბეთთან 17 ქულა, 13 მოხსნა და 2 ბლოკი მოაგროვა, საბერძნეთთან კი 10 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დააფიქსირა.
ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორებიც არიან ფურკან კორკმაზი, ჩედი ოსმანი და შეინ ლარკინი, მას შეუძლია ფართან დიდი სივრცე მიიღოს, რამაც თურქეთი შესაძლოა 2022 წელს ახალ სიმაღლეზე აიყვანოს.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. შეხვედრა 1 სექტემბერს, ახალ სპორტის სასახლეში 21:00 საათზე გაიმართება.