„მთლიანი ისტორია იმიტომ დაიწყო, რომ ჩვენ ვშიმშილობდით..
ერთ დღეს, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი, დავრწმუნდი, რომ ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი ფეხბურთელობა. ბავშვობაში ერთ ოთახიან სახლში დედასთან და 8 ძმასთან ერთად ვცხოვრობდი, სადაც იატაკი ხვლიკებისა და ვირთხების ნახვრეტებით იყო სავსე.
არაფერი გვქონდა, რომ გვეჭამა..
გადარჩენისთვის ვიბრძოდით..
ერთ დღეს, ჩემს უფროს ძმას გაუჩნდა იდეა, თუ როგორ უნდა გვეჭამა უფასოდ..
სანამ გეტყვით რა მოხდა, მინდა აგიხსნათ, თუ როგორ დავასრულეთ ასეთი ცხოვრება. როდესაც 7 წლის ვიყავი, ხის სახლში ვცხოვრობდით, რომელიც მამაჩემმა ააშენა. სახურავი წვიმას ვერ უძლებდა და სახლში ჩამოდიოდა. ასეთ დროს სახურავს პლასტმასის საგნებით ვამაგრებდით. დიდი ხნის განმავლობაში მამა ფულს აგროვებდა და საბოლოოდ შედარებით უკეთესი სახლის აშენება შეძლო.
მაგრამ სანამ მშენებლობას დაასრულებდა კაბო ვერდეში გაემგზავრა, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ.
ვფიქრობდი, რომ რამდენიმე კვირით წავიდა. თვეები გავიდა და არ დაბრუნდა.. არ ვიცოდი რა მოხდა.. იქ სხვა შვილებიც ჰყავდა და მეგონა მათ მოსანახულებლად იყო. იმდენად მიყვარდა, რომ მასზე გაბრაზებაც კი არ შემეძლო.
მისმა წასვლამ დედაჩემის ცხოვრება გაართულა..
დედაჩემს 4 ქალიშვილი და 5 ვაჟიშვილი ჰყავდა. მე ყველაზე პატარა ვიყავი. წარმოიდგინეთ რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული. ჩვენ ლისაბონის გარეთ წყნარ უბანში ამადორაში ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში სამთავრობო საცხოვრებელი პროექტი იყო, სადაც ბევრი ცუდი რამ მოხდა.
იქ რამდენიმე კულტურის წარმომადგენლებს ვხვდებოდით. ბოშები, ანგოლელები, კაბო ვერდელები.. ჩხუბიც ხშირად ხდებოდა და პოლიციის მანქანის სირენების ხმა ტრადიცია იყო. მესმოდა ჭორები, რომ ხალხი დახვრიტეს, მაგრამ დედაჩემს ამისი არასდროს ეშინოდა. თუ ვინმე მოგვეკარებოდა დედა იმ წამსვე იქ გაჩნდებოდა. ჩვენ მას hermãe galinha(დედა ქათამს) ვეძახდით.
ჩვენს გამოსაკვებად ყველაფერს აკეთებდა. მომღერალი იყო.. ამავდროულად კი რესტორანში და სახანძრო განყოფილებაში მუშაობდა. საბოლოო ჯამში მარტო ამ ყველაფრის გამკლავება მაინც უჭირდა და სხვა კაცს გაჰყვა ცოლად. ჩვენ ისევ მამაჩემის აშენებულ სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ იმ კაცს იქ ცხოვრება არ უნდოდა. ეს კი უარესი აღმოჩნდა. ჩვენ გადავედით სახლში, რომელშიც 10 ადამიანს ერთ ოთახში უნდა დაგვეძინა. 1 საძინებელი ოთახი, 1 სამზარეულო, 1 საპირფარეშო. პირადად მე დივანზე უნდა დამეძინა.
საბოლოოდ, ვირთხები და ხვლიკები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. გასაოცარია, როდესაც ბავშვი ხარ რამდენ რამეს შეიძლება შეეგუო.
ერთადერთი, რასაც ვერასდროს შევეგუებოდით შიმშილი იყო..
შიმშილის ახსნა რთულია. ბევრი საუბრობს აფრიკელ ბავშვებზე, რომლებიც მართლა მშივრები არიან. ხალხი ამას უყურებს, 1 წუთით განიცდიან და ავიწყდებათ. უბრალოდ გაიაზრეთ რა არის შიმშილი!! როცა პირი გიშრება, როცა მუცელი ყვირის, როცა ტკივილი სხეულში ისეთი ძლიერია, რომ გგონია მალე კანი გაიჭრება. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც უნდა შეეგუო.
ეს გრძნობა ბევრჯერ განმიცდია..
ვფიქრობ, შიმშილის ერთადერთი დადებითი მხარე ის არის, რომ გაიძულებს არ გაჩერდე და იბრძოლო.
ერთ დღეს, ჩემს უფროს ძმას პაულო რობერტოს იდეა გაუჩნდა. როგორც მახსოვს, მაშინ 10 წლის ვიყავი. ჩემი ძმა 5 წლით უფროსი იყო და რეალურად მან მამაჩემის ადგილი დაიკავა. ყველაფერს ის მასწავლიდა. რობერტომ თქვა: „რატომ არ მივდივართ ლისაბონის მდიდრულ ნაწილში და საჭმელს არ ვითხოვთ?“
ამაში დარწმუნებული არ ვიყავი. შეიძლება ასე მარტივი ყოფილიყო? პაულომ დაზუსტებით იცოდა, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს საჭმელი ექნებოდათ. ჩემი ძმა მართალი გამოდგა. გაოგნებული დავრჩი.. პური, ორცხობილა და სუპი მოგვცეს.. ზოგიერთმა სახლშიც კი შეგვიპატიჟა. რამდენიმემ ფულიც კი გვაჩუქა, რათა საკვები ჩვენით შეგვეძინა. იცით? ახლო მეგობრებიც გავიჩინეთ..
ვფიქრობ, მათ იმის გამო მოვეწონეთ, რომ არ ვიპარავდით და გულწრფელი თხოვნა ვარჩიეთ..
ერთ დღეს, მე და პაულო ფეხბურთს ვთამაშობდით, რა დროსაც პიცა „ჰატი“ დავინახეთ. იმ წამსვე მივედით და ვთხოვეთ ჩვენთვისაც მოეცათ 1 ნაჭერი, მაგრამ კურიერმა უარით გამოგვისტუმრა. უკან გამობრუნებისას, ქალმა დაგვიძახა და 1 წუთით დაცდა გვთხოვა.
ორი წუთის შემდეგ, ქალბატონი პიცით ხელში გამოვიდა, რომელიც თითქმის სულ ახალი იყო. ძალიან, ძალიან გემრიელი იყო..
თუ თქვენ არასდროს გამოგიცდიათ ნამდვილი შიმშილი, მაშინ შეიძლება იფიქროთ, რომ ვაჭარბებ. მაგრამ თუ მშიერს გიცხოვრიათ, ახლად გამომცხვარი პიცის გემო ყოველთვის გემახსოვრებათ..
შემდეგ ქალმა გვკითხა, თუ რას ვსაქმიანობდით. ჩემმა ძმამ უთხრა, რომ ფეხბურთს ვთამაშობდით და გაურკვეველი მიზეზების გამო ქალბატონმა მეორე დღეს ისევ იქ მისვლა გვთხოვა. მას ჩვენი თამაშის ხილვა სურდა.
ასეც მოვიქეცით. მეორე დღეს მან ჩემი ძმა შეაქო და უთხრა, რომ ფეხბურთს კარგად თამაშობდა. ქალბატონმა თქვა: „მისმინე, მე მყავს პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება შენ დაგეხმაროს.“
მისი მეგობარი მარკო აურელიო იყო. სულ მალე ჩემი ძმა ლისაბონის „სპორტინგში“ საცდელ ვარჯიშზე დაიბარეს. პიცის თხოვნიდან, საცდელ ვარჯიშამდე მისვლა ცუდი ნამდვილად არ გახლავთ..
ეს ცხოვრების შეცვლის შანსი იყო, მაგრამ იცით რა მოხდა? პაულომ ვარჯიშზე 1 თვით დაიგვიანა. არ გეჩვენებათ, დიახ 1 თვით და არა 1 საათით ან 20 წუთით. რა თქმა უნდა, ის იქ არავინ აღარ მიიღო.
რეალურად, პაულო ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი გონება არასწორად იყო მომართული. მას ასევე ცუდი მეგობრები ჰყავდა. სიგარეტის მოწევაც დაიწყო.. იმდენად ნიჭიერი იყო, რომ „ფეიენოორდმა“ მიიწვია, მაგრამ მას არასდროს ჰქონდა ამბიცია, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო.
როდესაც დავინახე, რომ მან „სპორტინგში“ მოხვედრის შანსი ხელიდან გაუშვა, გავიაზრე, რომ ღმერთმა ოჯახის სარჩენად მე ამირჩია. მე ფეხბურთელი უნდა გავმხდარიყავი! თითოეულ ძმას შიგნიდან რაღაც აკლდა, რომ სწორ გზაზე დამდგარიყვნენ. დისციპლინა, თავდადება, პოზიტივი..
მაგრამ რაღაც მიზეზით მე ეს ყველაფერი მქონდა..
ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთმა ჩემს გვერდით სწორი ხალხი დააყენა. პირველი ჩემი საუკეთესო მეგობარი საბინო იყო, რომელმაც, როდესაც მე 7 წლის ვიყავი პირველად წამიყვანა საფეხბურთო ვარჯიშზე. ჩავიცვი ძველი შორტი, ჯინსი, ღილებიანი პერანგი, შემდეგ კი ტყავის ფეხსაცმელი ავიღე, ისეთი, როგორიც შეიძლება წვეულებაზე ჩაიცვა. გარეთ გასვლისას წვიმდა.. საბინომ მითხრა, მატარებლით წავსულიყავით, მაგრამ ბილეთის ფული არ მქონდა და მთელი გზა ფეხით ვიარე.
როდესაც მოედანზე გავედი, სხვა ბავშვებმა ჩემი ჩაცმულობის გამო დამცინეს. ვარჯიში ადვილი არ იყო, რადგან მოედანზე ბალახის ნაცვლად ხრეში ეყარა. წვიმა და ტალახი ხელს მიშლიდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიე. რამდენიმე ფეხბურთელს გვერდი ავუარე და დავარტყი - გოოოოოოოოლ!! კიდევ ერთი მომენტი, შორიდან დავარტყი და ისევ გოლი! რაღაც მომენტში მწვრთნელმა ხელი მხარზე მომკიდა.
მან თქვა: „ჰეი, შენ! Მოდი აქ. ვინ ხარ? როგორ მოხვდი აქ?”
მე ვუპასუხე: „სირბილით მოვედი“
მან მხოლოდ თავი გააქნია და მითხრა: „ხვალ დაბრუნდი. ჩვენ შესაბამის სავარჯიშო ფორმას მოგცემთ.”
შემდეგი ადამიანი, რომელიც ღმერთმა ჩემს გზაზე დააყენა, იყო მუსტაფა. გახსოვთ ის ცუდი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ჩემგან 5 წუთის სავალზე იყო? მუსტაფა სწორედ იქ ცხოვრობდა. მოხუცი კაცი აფრიკიდან, რომელიც გამუდმებით გვაკვირდებოდა სტადიონზე და ხშირად რჩევებსაც კი გვაძლევდა.
ბავშვებს მისი დანახვა არ უყვარდათ, მაგრამ მე მუდამ მაინტერესებდა რას გვეტყოდა. ვიცოდი, რომ დიდი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდა. ის არასდროს მეძახდა ჩემს მეტსახელს „ნანის“, რომელიც ჩემმა დამ შემარქვა და ასე ლამაზად ჟღერდა. მუსტაფასთვის მე უბრალოდ ლუიში ვიყავი.
„არა ლუიშ, დარტყმისას ფეხის შიდა მხარე გამოიყენე“!
საბოლოოდ, მუსტაფამ რამდენიმე ბავშვისგან საფეხბურთო გუნდი შექმნა და სამეზობლოში ტურნირი მოაწყო. ჩვენ ვითამაშეთ ბავშვების წინააღმდეგ ისეთი უბნებიდან, როგორიცაა სანტა ფილომენა. მახსოვს, ისინი ძალიან შარიანები იყვნენ. საბედნიეროდ, პაულო მასწავლიდა ქუჩაში გადარჩენას.
ერთხელ ერთ-ერთმა ბავშვმა ჩემი დაშინება სცადა და დასახმარებლად ჩემ ძმას მივმართე. პაულო მივიდა და პირდაპირ სახეში დაარტყა. ჩემი ძმა ჩემს მიმართაც მკაცრი იყო. თუ რამეს არასწორად გავაკეთებდი მეც მირტყამდა. მის გარეშე საკუთარ თავს დავკარგავდი. პაულო ცუდ საზოგადოებას არ მაკარებდა. 10 წლის ვიყავი და სხვა ბავშვებივით სიგარეტს არ ვეწეოდი. ის კი მისი დამსახურება იყო. ფეხბურთის თამაში დავიწყე გუნდში, რომელსაც „რეალ მასამა“ ერქვა.
ეს გუნდი ჩემთვის კიდევ ერთი ნათელი წერტილი იყო. ვარჯიშებზე სიარული მიჭირდა, რადგან მატარებლის ბილეთის საყიდელი ფული არ მქონდა და ხშირად ჩუმად ვჯდებოდი. კონტროლიორები ამას ხვდებოდნენ და უბრალოდ მთხოვდნენ, რომ მეორედ აღარ მოვქცეულიყავი ასე. მეც ვეთანხმებოდი და პრობლემა ამით მთავრდებოდა.
მაგრამ, რა თქმა უნდა, მეორე დღეს ისევ ასე ვიქცეოდი..
იცით შემდეგ რა მოხდა? მწვრთნელები სამგზავრო ფულს მაძლევდნენ. საკვებითაც მიმასპინძლდებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ სახლში ბევრი არაფერი მქონდა. ზოგიერთი გუნდელი ტანსაცმელსაც მჩუქნიდა და სახლშიც მეპატიჟებოდა.
საბოლოოდ, ჩემმა ოჯახმა ის სახლი დატოვა, სადაც თაგვები და ხვლიკები ბუდობდნენ. რეალურად, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად ვიცხოვრებდი.. მე უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდოდა..
შეპყრობილი ვიყავი.. დილის 7 საათზე ვდგებოდი, რომ გარეთ მერბინა. მოედანზე მარტო გამოვდიოდი და ორივე ფეხით კარში დარტყმაზე ვვარჯიშობდი. მუსტაფა კი ამბობდა: „შეხედეთ ამ ბავშვს, ის არ ჭამს და არ სვამს. მას მხოლოდ ფეხბურთი უნდა.“
იმდენად განვვითარდი, რომ ყოველ წელს მეუბნებოდნენ: „შენ „სპორტინგში“ ითამაშებ, „შენ ბენფიკაში“ ითამაშებ..“ 1 წლის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ კლუბი უნდა შემეცვალა. იცით? არასდროს გამიგია, რომ „სპორტინგს“ ან „ბენფიკას“ 16-17 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტი გაეფორმებინათ.
ჩემი მეგობარი მართალი იყო, მაგრამ „რეალ მასამაში“ საოცარ სეზონს ვატარებდი. 22 გოლი გავიტანე და სეზონის უკანასკნელი მატჩის წინ, ჩემმა მწვრთნელმა ისე გააკეთა, რომ „ბენფიკასთან“ ერთად ვივარჯიშე. თავი იქაც გამოვიჩინე. სავარჯიშო სესიის შემდეგ, ლოსაბონური კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა:
„ნანი შენს მწვრთნელს უთხარი, რომ კვირას უნდა ითამაშო. „ბენფიკადან“ მოდის ვიღაც, ვინც შენ დაგაკვირდება.
სუპერ მოტივირებული ვიყავი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ უკვე ჩემპიონები ვიყავით და ბოლო მატჩში მწვრთნელს ისეთი ფეხბურთელების გამოყენება სურდა, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ. ამიტომ ძალიან ვთხოვე, რომ მე ვეთამაშებინე.
მან მკითხა: „კი მაგრამ რატომ? ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ“
მე ვუთხარი: „დიახ, მაგრამ ჩემს საყურებლად „ბენფიკადან“ მოდიან..
ის დაფიქრდა..
საბოლოოდ გადაწყდა, რომ მხოლოდ პირველ ტაიმს ვითამაშებდი.
თამაში დაიწყო და ძალიან დაძაბული ვიყავი. არაფერი გამომდიოდა.. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოედნის ცენტრში მივიღე ბურთი. კარისკენ დავიძარი.. გზად რამდენიმე ფეხბურთელი მოვატყუე, მეკარის პირისპირ შესანიშნავი ცრუ მოძრაობა გავაკეთე და გოლი გავიტანე. ტრიბუნიდან ტაში დამიკრეს.. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი გადარჩენის დღე იყო..
მატჩის დასრულების შემდეგ, კლუბის დირექტორი მოვიდა და მითხრა, რომ „ბენფიკადან“ არავინ იყო მოსული.. სული გამეყინა.. ის არ ხუმრობდა.. განადგურებული ვიყავი და ტირილი დავიწყე. მადაც კი დავკარგე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, წერილი მომივიდა. გავოცდი..
„სპორტინგი“ მეპატიჟებოდა, რათა მათთან ორი კვირით მევარჯიშა. წავედი.. დიდი მადლობა ღმერთს!
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს ბედს ვიღაც წარმართავდა და ეს ღმერთი იყო. მას ჩემს მხრებზე ხელი ეკიდა მაშინაც კი, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი..
2003 წლის ზაფხულის მიწურულს ისე მოხდა, რომ „სპორტინგშიც“ ვვარჯიშობდი და „ბენფიკაშიც“. ეს სიგიჟეს ჰგავდა. მე ლისაბონის ორ ყველაზე დიდ კლუბში შემეძლო ბურთის გაგორება..
სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის შემდეგ, „სპორტინგის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ ვერ დამიტოვებდნენ. მიუხედავად ამისა, ნება დამრთეს, რომ წინასასეზონო მომზადება მათთან ერთად გამევლო.
ვფიქრობ, ფეხბურთელების უმეტესობა უარს იტყოდნენ, მაგრამ კარგად ვიცნობდი მწვრთნელებს და ურთიერთობის გაფუჭება არ მინდოდა. დავთანხმდი.. ზაფხულის ბოლოს „სპორტინგიდან“ შეტყობინება მომივიდა: „ხვალ დილის 10 საათზე ვიკრიბებით.“
სასაცილოა, მსგავსი შეტყობინება „ბენფიკასგანაც“ მივიღე და იცით რა ვქენი? ორივეს დავთანხმდი.
ეს წინასასეზონო მომზადება იყო და ორივე კლუბთან ერთად ვერ ვივარჯიშებდი. ალბათ „ბენფიკა“ უნდა ამერჩია, რადგან მათ ჩემთვის უარი არ უთქვამთ, მაგრამ „სპორტინგში“ ბევრი მეგობარი მყავდა და მწვრთნელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ამხანაგურ ტურნირზე ძალიან კარგად ვითამაშე და ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მწვრთნელმა მითხრა:
„ნანი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენთან დარჩებოდი.“
„სპორტინგთან“ კონტრაქტი გავაფორმე და ყველა ჩემი ფინანსური პრობლემა მოგვარდა. ახლა უკვე კაბო ვერდეში მამის მოსანახულებლად წასვლა შემეძლო. იქ ცუდი სიტუაცია დამხვდა. აღმოჩნდა, რომ მამას საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მშობლიურ ქალაქში(ამადორაში) დაბრუნება არ შეეძლო. დავიქირავე ადამიანი, რომელიც მას დაეხმარა. ამის შემდეგ კი შესაძლებლობა მომეცა მაშინ მენახა მამა, როცა მინდოდა. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო.
ერთი პრობლემა მაინც მქონდა. ფიზიკურად ძალიან სუსტი ვიყავი, ხოლო ასე სუპერვარსკვლავი ვერ გავხდებოდი..
ძალიან უხერხული იყო.. 20 კილოგრამიანი გირის აწევაც არ შემეძლო. ასე რომ, მომავალი 2 წელი სპორტ დარბაზში გავატარე. დროთა განმავლობაში მარცხენა გარემარბად ჩამოვყალიბდი და 2005 წელს პირველ გუნდში დებიუტი მქონდა.
2 წლის შემდეგ კი გაზეთები მსოფლიოს გრანდებთან მაკავშირებდნენ.. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბევრი არ ახსენებდა, მაგრამ ჩემმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ამიხსნა, რომ „მანჩესტერი“ საუკეთესო ვარიანტი იყო.
„ფერგიუსონს ველაპარაკე. მას სურს, რომ ისე გაგზარდოს, როგორც ეს რონალდუს შემთხვევაში გააკეთა.“ - მითხრა მენდეშმა
ამის შემდეგ, მანჩესტერში სახლის ძებნა დავიწყე..
თავიდან სასტუმროში უნდა მეცხოვრა, მაგრამ მენდეშმა რონალდუსთან გადასვლა მირჩია. ის მარტო ცხოვრობდა და პრობლემა არ ჰქონდა. იქ ასევე ანდერსონი დამხვდა, რომელიც „იუნაიტედს“ იმ პერიოდში შეუერთდა.
იცით როგორ ბედნიერად მახსენდება ის წლები? ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ბევრს ვერთობოდით. კრიშტიანუს საცურაო აუზი, პინგ-პონგის მაგიდა და ჩოგბურთის კორტი ჰქონდა. ყოველდღე შეჯიბრებებს ვაწყობდით.
ინტელექტუალური ვიქტორინა მოვაწყვეთ, რომელსაც ფერგიუსონის ასისტენტი კარლოს კეირუში ხელმძღვანელობდა. მან კითხვა დასვა, რომელსაც რონალდუმ არასწორი პასუხი გასცა, ხოლო მე სწორი. იცით რას აკეთებდა კეირუში? კითხვის შეცვლას ცდილობდა, რომელსაც კრიშტიანუს პასუხი მოერგებოდა. ამაზე ბევრი ვიცინეთ..
სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც რონალდუ მიყვარს. მას დამარცხება არასდროს უყვარს.. კრიშტიანუ ყველას გვიყვარდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. როდესაც მე და ანდერსონმა მისი სახლი დავტოვეთ, წაგებაზე ჩვენც ალერგიულები გავხდით.
ჩემი სახლი ვიყიდე, რომელიც საშინელებათა ფილმებში ნაჩვენებ სახლს ჰგავდა. თავდაპირველად ჩემი ოჯახის წევრები ჩემთან რჩებოდნენ, მაგრამ, როდესაც მარტო აღმოვჩნდი ლოგინიდან ადგომაც კი მაშინებდა.
სერიოზულად ვამბობ.. ვიწექი, კომპიუტერი მედო წინ და მშიოდა.. სამზარეულოში ჩასვლას კი ვერ ვბედავდი.. გათენებას ველოდებოდი..
დღემდე არ ვიცი რატომ ვიგრძენი თავი ასე. იქნებ იმიტომ, რომ სახლი ძალიან ძველი იყო? ან იქნებ იმიტომ, რომ პირველად დავრჩი მარტო..
მიზეზი დღემდე ვერ გავარკვიე.. უბრალოდ ვიცი, რომ ძალიან მეშინოდა..
„მანჩესტერში“ ვარჯიში თავდაპირველად საშინელება იყო, რადგან იქ დამკვიდრებულ დონეს ვერ ვაჩვენებდი. ვიცოდი, რომ ყველაფერი სწრაფად უნდა მესწავლა.. წინააღმდეგ შემთხვევაში გამიშვებდნენ..
და ისევ.. ღმერთმა ჩემს გვერდით ისევ სწორი ადამიანები დააყენა..
ფერგიუსონი ჩემთვის მამასავით გახდა. ფერდინანდი და გიგზი საოცარ რჩევებს მაძლევდნენ. დავმეგობრდი ვალენსიასთან, რაფაელთან და ფაბიოსთან. ყველაზე ახლოს კი პატრის ევრასთან ვიყავი. ის ჩემთვის ძმასავით იყო..
დადგა პერიოდი, როდესაც საშინლად ვთამაშობდი. გულშემატკივრები ბევრს მაკრიტიკებდნენ. სერ ალექსიც უკმაყოფილო იყო.. ჩემს თავზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ერთ დღეს საქმე იქამდე მივიდა, რომ გავტყდი და ტირილი დავიწყე..
ევრასთან მივედი, რომელიც ჯაკუზში კუნთების აღდგენის პროცედურას გადიოდა და გული გადავუშალე.
„რატომ არ გამომდის არაფერი პატრის? რატომ არიან მსაჯები ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ?“
ამის შემდეგ განწყობა შემეცვალა და ჩემი ფსიქოლოგიის ამაღლება დავიწყე: „ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა, ამას დავძლევ. ვიცი, როგორი ძლიერიც ვარ და ამას ყველას დავუმტკიცებ.“
პატრისი უბრალოდ იჯდა და მისმენდა. როდესაც საუბარი დავამთავრე მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: „მჯერა შენი. ვიცი, რომ გულშემატკივრებს ისევ ეყვარები. გოლებსაც მალე გაიტან. შენ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, რომელიც ოდესმე მინახავს. ნანი, ამაში ეჭვი არ მეპარება.“
1 კვირის შემდეგ, „ჩელსის“ საოცარი გოლი გავუტანე. მოულოდნელად, საუკეთესოდ დავიწყე თამაში. ყველა ბედნიერი იყო და ჩემი თავდაჯერებულობაც დაბრუნდა.
ევრა ჩემთან მოვიდა და ხმამაღლა დამიყვირა: „აი ასე ჩემო ბიჭო“!
ეს დიდებული მომენტი იყო..
ყოველთვის ვიცოდი, რომ შრომისმოყვარეობით და თავდადებით ყველაფრის მიღება იყო შესაძლებელი, მაგრამ რთულ პერიოდში აუცილებლად გჭირდება ადამიანი, რომელსაც დაელაპარაკები და განუგეშებს. ევრა სწორედ ასეთი იყო..
ჩემი ბევრს არ ესმოდა, რადგან ემოციებს ყოველთვის ღიად გამოვხატავდი. თუ მოწყენილი ვიყავი ამას ყველა ხვდებოდა. არ მინდოდა შეცვლა, რადგან ვთვლიდი, რომ ყოველთვის უნდა ვყოფილიყავი, რაც ვარ. მსახიობობა ჩემი სფერო არ არის..
ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი: „თუ ოდესმე დაივიწყებ ვინ ხარ, სინამდვილეში ყველაფერი დასრულდება.“
ჰო, რაღაცნაირად მე ისევ ის ბავშვი ვარ, რომელსაც ვირთხებთან და ხვლიკებთან ერთად ეძინა. მე ისევ ის შვიდი წლის ბავშვი ვარ, რომელიც ვარჯიშზე ტყავის ფეხსაცმლითა და ღილებიანი პერანგით მივიდა.
მე ისევ ის ბიჭი ვარ, რომელიც უცხოებს საკვებს სთხოვდა..
ამის გამო თავს დიდებულად ვგრძნობ. სწორედ ასეთმა ცხოვრებამ მომცა ისეთი კარიერია, როგორიც მქონდა. იცით? ღმერთმა ჩემი ყველა ნაბიჯი დაგეგმა.. ძალიან ბევრი დამთხვევაა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მომხდარიყო..
და თუ ჩემი კიდევ არ გჯერათ, თქვენთვის კიდევ ერთი ისტორია მაქვს..
როცა 12 წლის ვიყავი, ჩემს მეგობარ საბინოსთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან საშიშ უბანში წავედი. იქ მისულს პოლიცია იარაღით ხელში დამხვდა, რომელიც რაღაცას ეძებდა. ფეხბურთი მაინც ვითამაშეთ და პირველივე წუთიდან ჩვენი მოწინააღმდეგე ბიჭები ძალიან უხეშად განეწყვნენ. ფეხებში გვირტყამდნენ და ცდილობდნენ რაიმე ძალიან გვტკენოდა.
მოედნის გარშემო უამრავი ხალხი იყო, რომლებიც ბოლო ხმაზე ყვიროდნენ..
ძალიან მეშინოდა.. ყველა ჩემი გუნდელი შეშინებული იყო..
მაგ გაიტანეს.. შემდეგ კიდევ გაიტანეს.. ისევ.. პირველი ტაიმი 2:9 დასრულდა. შესვენებაზე ყველა ერთმანეთს ვაკრიტიკებდით.
„უფრო მეტი უნდა ირბინო“
„ნუ გეშინია“
„ეს შენი ბრალია“
ჩვენმა უფროსმა მეგობარმა და მწვრთნელმა მუსტაფამ გვითხრა: „ბავშვებო დამშვიდდით, ჩვენ უბრალოდ გავალთ სტადიონზე და ამ თამაშს მოვიგებთ. უბრალოდ სიმშვიდე შეინარჩუნეთ.“
ყველამ ღრმად ჩავისუნთქეთ..
მეორე ტაიმის დაწყებისას ნაკლებად ვნერვიულობდით. მუსტაფას სიტყვებმა იმუშავა. გოლიც ძალიან მალე გავიტანეთ. შემდეგ ისევ გავიტანეთ და უეცრად ატმოსფერო შეიცვალა. ჩვენი შიში გაქრა. ხალხის საუბარიც კი გვესმოდა. ისინი გვაქებდნენ და გაკვირვებულნი იყვნენ.
ისინი ახლა უკვე ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ..
თამაშზე სრული დომინირება მოვიპოვეთ. გოგოები ჩვენთვის წყლის მოსატანადაც კი წავიდნენ. სწორედ მაშინ ვიგრძენით თავი დაუმარცხებლად.
მატჩი 16:12 მოვიგეთ!
ყველა მოედანზე შემოვარდა.. გვილოცავდნენ და გვეხუტებოდნენ.. თითქოს არსაიდან, ჩემს წინ გოგონა აღმოჩნდა, რომელსაც ხელში ფურცელი და კალამი ეჭირა. ვუყურებდი და ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა.
მუსტაფა ყვიროდა: „დაწერე დაწერე“
ვერ მივხვდი რა უნდა დამეწერა..
მუსტაფამ ისევ დაიყვირა: „შენი სახელი დაწერე“!
ამის შემდეგ, მუსტაფა ჩემთან მოვიდა, ხელი გადამხვია და მითხრა: „იღბლიანი გოგო.. იცი, რამდენიმე წლის შემდეგ შენი ავტოგრაფი დიდი ფული ეღირება.!“
მუსტაფა მხოლოდ ერთ რამეში შეცდა.. ფურცელზე მხოლოდ ლუიში დავწერე, გვარი არსად მიხსენებია“ - მე ლუიშ ნანი ვარ..