ამირან გოგოლაძე
Aa
Aa

„თქვენი მხარდაჭერა არის ის, რაც მაძლიერებს!“ - ამირან გოგოლაძე გულშემატკივრებს მიმართავს

MMA-ის ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე Dana White's Contender Series-ის ეგიდით გამართულ ჩხუბში დამარცხდა. „სნაიპერი“ დარიუს ფლაუერსს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში იძულებული გახდა, დანებებულიყო.

გოგოლაძეს ძალიან არ გაუმართლა და ბრძოლის სტარტზე მხარი ამოუვარდა. მიღებული ტრავმის გამო, მან ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო და პირველი რაუნდის დასრულებამდე 3 წუთითა და 47 წამით ადრე დანებება მოუწია.

ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რას წერს ამირან გოგოლაძე:

დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის, თქვენი მხარდაჭერა არის ის, რაც მაძლიერებს! ძალიან დიდი მადლობა მერაბ დვალიშვილს, ზვიად ლაზიშვილს და თემურ ფეიქრიშვილს თანადგომისთვის.

ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება. უმიზეზო არაფერია. ყოველთვის გრძელი და რთული გზის გავლა მიწევდა წარმატებისათვის, თუმცა ყოველთვის ვაღწევდი წარმატებას და ახლაც ასე იქნება. მხარი ჩემი მოძრაობის შედეგად ამომივარდა, როდესაც ფეხებს შორის მომწყვდეულს კიმურას ვუკეთებდი (ამოვარდნის მომენტი კომენტარებში არის), ასე დავიზიანე თავი და არა სლემით, როგორც ამას ჩემი ოპონენტი იბრალებს. თავის მართლება ჩემი საქმე არ არის და ვინც მიცნობს, იცის, თუმცა მე სიმართლე მიყვარს და სიმართლე ის არის, რომ მისი დამსახურებით დაზიანება არ მიმიღია, თუმცა რას ვიზამთ, თითოეული ადამიანი განსხვავებული ვართ და მან თუ ჩემი ასეთი მარცხით გაიხარა, მე ასეთი გამარჯვებით ვერ გავიხარებდი და ვერც დამსახურებულად ჩავთვლიდი. ალბათ ასე იყო საჭირო რომ მომხდარიყო და მოხდა კიდეც.

მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო შონ შელბის, დანა უაითს და UFC-ის ამ უდიდესი შანსისთვის, რომელიც მომცეს. ერთი რამ ზუსტად ვიცი - მე UFC-ის დონის მებრძოლი ვარ და როგორც კი მხარი მომირჩება, უმჯობესია ადგილი ახლავე დაჯავშნონ, რადგან ვიღაცამ ჩემი ადგილი შეცდომით დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ფლაუერსთან ბრძოლაში გოგოლაძე გამოკვეთილი ფავორიტი გახლდათ და გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსი იყო, UFC-ში კიდევ ერთი ქართველი გვეხილა. ამერიკული გამოცემების თქმით, ამ ბრძოლას „უცნაური“ და „გასაკვირი“ ფინიში ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: “ხაბიბს პატივს ვცემ, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია!“
დვალიშვილი: “ხაბიბს პატივს ვცემ, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია!“