მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და ასობით გარდაცვლილი მუშა | კატარი 2022 წლის მუნდიალისთვის ემზადება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში გაიმართება. ამ უკანასკნელმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა. აზიაში პრესტიჟული და პოპულარული სანაკრებო ტურნირისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, ორგანიზატორებს სურთ, ყველა დეტალის მოგვარება დროულად მოხერხდეს. 

შემაშფოთებელი სტატისტიკა

2010 წლის შემდეგ კატარში მხოლოდ სტადიონების მშენებლობა არ მიმდინარეობს. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მთლიანად ახალი ქალაქი შენდება, რომელშიც ბუნებრივია, უამრავი ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი: აეროპორტი, გზები და დაახლოებით 100 ახალი სასტუმრო, რის მშენებლობასაც ადამიანები ნეპალიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ეწირებიან. ადამიანების უფლებისთვის ბრძოლის სხვადასხვა ორგანომ კატარს ამ და სხვა მიზეზით არაერთხელ უჩივლა - როგორც ირკვევა, კატარმა იაფი მუშახელის ნაწილისთვის ხელფასის გადახდაზე უარი განაცხადა, მიგრანტების საცხოვრებელი პირობები კი სრულიად არ შეესაბამებოდა სტანდარტების მინიმუმსაც კი. დაქირავებული მუშახელი ოთახში 12 ადამიანთან ერთად ცხოვრობს და მათთვის სასმელი, სუფთა წყალი მიუწვდომელია.

თითოეული მათგანის ანაზღაურება საათში 1 ფუნტია, რაც თვეში მხოლოდ და მხოლოდ 218 ფუნტს შეადგენს.

მაგალითისთვის, იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი იყიდოს, 10-საათიანი სამუშაო გრაფიკით 13 დღე უნდა იმუშაოს.

2017 წელს, კატარში განაცხადეს, რომ გაუსაძლისი სიცხის გამო მზად იყვნენ მუშებისთვის სამუშაო საათების შემცირებაზე, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. Human Rights Watch-ის კვლევაში ნაჩვენებია, რომ რეალურად, კატარს დაიქირავებული ადამიანებისთვის სამუშაო საათები არ შეუმცირებია და რომ თუ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა, თითოეული ,,დასვენების საათი" ხელფასიდან სრულად დაიქვითა.

2021 წლის თებერვალში, Guardian-მა დაწერა, რომ სიცოცხლე 6 500-მა მიგრანტმა დაასრულა, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ, კვირაში 12 ადამიანი იღუპება, მათ შორის: ადამიანებმა  ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკიდან, თუმცა როგორც გაირკვა, ეს ციფრები ბევრად საზარელია, რადგან კატარის განმარტებით: ,,მუშები კატარში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და მათი გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ბუნებრივი გარდაცვალება ან სიბერე ყოფილიყო", რასაც რეალურად, არავინ დაითვლიდა. კატარმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მუშები გაუსაძლისი პირობების ან მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა გარემო-ფაქტორების გამო იღუპებიან, მათი განმარტებით: 2014-დან 2020 წლის ჩათვლით 37 მუშა გარდაიცვალა, თუმცა მხოლოდ ,,3 გარდაცვალება იყო სამსახურთან დაკავშირებული".

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) კი გვიყვება, რომ კატარში ბუნებრივი გარდაცვალება არ აღიქმება სამსახურთან დაკავშირებულ მოვლენად მაშინ, როცა მძიმე შრომა და მაღალი ტემპერატურა სითბური ინსულტის წინაპირობა ხდება, რაც თავს მაღალი გარე ტემპერატურისა და ფიზიკური დატვირთვის გამო იჩენს. სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, სითბური ინსულტი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და მისი სამედიცინო გართულებები შეიძლება იყოს: კრუნჩხვები (ეპილეფსიური შეტევა) , რაბდომიოლიზი (კუნთის სწრაფი შლა) ან თირკმლის უკმარისობა (15%-ზე ნაკლები).

ILO-მ ბოლო ინფორმაციას თავი კატარის მთავრობის მიერ მართული საავადმყოფოებიდან და სასწრაფო დახმარების სერვისებიდან მოუყარა, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ 2021 წელს 50 მუშა გარდაიცვალა და 500-ზე მეტი მძიმედ დაშავდა, 37 600-მა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო.

ადგილი, სადაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 38° C-ზე მაღალია, ხოლო ნალექი იშვიათი, პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს შემოდგომით უმასპინძლებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი კატარსა და ეკვადორს შორის 20 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 20:00 საათიდან აიღებს.

მომავალი მუნდიალის სახე ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, დევიდ ბექჰემი იქნება. ბექჰემი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიებში აქტიურად ჩაერთვება და ანაზღაურების სახით 277 მილიონ ევროს (150 მილიონი ფუნტი) გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა შინ ლივერპულით იწყებს - ლიგის კალენდარი ცნობილია
კვარა შინ ლივერპულით იწყებს - ლიგის კალენდარი ცნობილია