მანჩესტერ იუნაიტედი, ბრუნო ფერნანდეში
Aa Aa

“არანაირი შენიშვნა, მხოლოდ მისი ცრემლების ხმა ისმოდა“ - მე ბრუნო ფერნანდეში ვარ

„ჩემი ძმით უნდა დავიწყოთ. ის ჩემი უფროსი ძმაა და ყველაზე უარესი იცით რა არის? ბარსას გულშემატკივრობს. პირველ რიგში, მასზე ერთი სასაცილო ამბავი უნდა მოგიყვეთ..

ჩვენი გაზრდის პროცესი საკმაოდ სასაცილო იყო. ჩემი ძმა 5 წლით უფროსია და წლების განმავლობაში ერთმანეთისთვის საძინებლის გაზიარება გვიწევდა. როდესაც პატარა ხარ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ჩემს ძმას სახლში მისი მეგობრების მოყვანის სურვილი გაუჩნდა. პრობლემები სწორედ აქ დაიწყო.. მას მარტო ყოფნა უნდოდა და მე ხშირად სასტუმრო ოთახში ვიძინებდი. ეს გამაღიზიანებელი იყო..

ის ყოველთვის მეუბნებოდა: „ბრუნო გადი გარეთ და ითამაშე.“

საბოლოო ჯამში, მადლობას მას და მის მეგობრებს, რადგან ჩემი ბავშვობის მოგონებები ამის გამო ძირითადად გარეთ ფეხბურთის თამაშს უკავშირდება. ბურთი სკოლაშიც კი დამქონდა.. არ ვიცი სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ პორტუგალიაში განსაკუთრებით კი 2004 წელს ფეხბურთის სიყვარული მძვინვარებდა.. თუ ფეხბურთი გიყვარდა, ამით ცხოვრობდი..

ეს იყო დრო, როდესაც რონალდინიო კარიერის პიკში შედიოდა, ხოლო მესი და რონალდუ სახელს იმკვიდრებდნენ. გამუდმებით მიდიოდა კამათი, თუ ვინ იყო საუკეთესო. გამონაკლისები არც მე და ჩემი ძმა ვიყავით და ამ საკითხზე ხშირად ვჩხუბობდით.

მე ყოველთვის კრიშტიანუს მხარეს ვირჩევდი, ჩემი ძმა კი მესის.. ერთ-ერთ შობაზე შვეიცარიაში მამასთან წავედით. ის იქ მუშაობდა და ცხოვრობდა.. ეს ის დროა, როდესაც ინტერნეტით ჯერ კიდევ არ არის სხვადასხვა გუნდების მაისურების შეძენა ადვილი. პორტუგალიაში პრემიერ ლიგის გუნდების ეკიპირებას მარტივად ვერ იშოვნიდი.. ან თუ იშოვნიდი საკმაოდ ძვირი უნდა გადაგეხადა..

მამამ ნაიკის მაღაზიაში შეგვიყვანა. ჩემმა ძმამ მესის გამო „ბარსელონას“ ყვითელი მაისური აირჩია, ხოლო მე... დღემდე სიამაყით ვამბობ, რომ დახვეწილი ადამიანი ვიყავი. რა თქმა უნდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ავირჩიე.

ეს კრიშტიანუს გამო გავაკეთე.. ინგლისში ჩემი საყვარელი გუნდი სწორედ „იუნაიტედი“ იყო..

ჩემი მასწავლებლები ყოველთვის მეუბნებოდნენ: „ბრუნო, ფეხბურთი არ არის უბრალოდ ოცნება, ეს დიდი კონკურენციაა. შენ უნდა ისწავლო!“

მე გავიფიქრე: „კარგით, გმადლობ.. მაშინ კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ.“

ვფიქრობ, თუ რამეზე ოცნებობ ცოტათი შეპყრობილი უნდა იყო. ასევე შემოქმედებითი კუთხითაც უნდა იყო აქტიური. ბავშვობაში ფეხბურთის თამაში იმდენად მინდოდა, რომ უბრალოდ ქვიშაში კარის ნაცვლად ჯოხებს ვარჭობდი და ისე ვთამაშობდი.

სიმართლე გითხრათ, კრიტიკა მომწონს. ეს გაძლევს საშუალებას გაიაზრო რა არ გამოგდის და განვითარდე. ეს მოტივაციას მაძლევს. მირჩევნია გარშემო ისეთი ადამიანები მყავდნენ, რომლებიც თითს დამიქნევენ და შენიშვნას მომცემენ, ვიდრე ყველაფერზე დამეთანხმებიან და გამამართლებენ.

მიყვარს, როდესაც სახლში მივდივარ და მეუბნებიან: „დღეს კარგი იყავი, მაგრამ გოლი უნდა გაგეტანა. ის მომენტი უნდა გამოგეყენებინა და ა.შ.“

ხანდახან მსგავსი რამ ჩემი 5 წლის ქალიშვილისგან მატილდასგანაც კი მესმის. მაგრამ მისი კრიტიკა ცოტა განსხვავებულია. გასულ წელს ცუდად მოქცევა დაიწყო. მე და ჩემი მეუღლე სათამაშოების გადაადგილებას ვთხოვდით, მაგრამ ის არც კი გვისმენდა და არ გვიჯერებდა. ყურებზე ხელი აიფარა და მითხრა: „მე შენი არ მესმის მამა“

ეს მართლაც სახალისოდ მეჩვენა. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ გატანილ გოლს ყურებზე ხელის აფარებით. მატილდამ ეს ყველაფერი ტელევიზორში ნახა და გაიაზრა, რომ ეს მისთვის კეთდებოდა. მე რომ ამის გაკეთება დამავიწყდეს, სახლში მისულს აუცილებლად გამაკრიტიკებს და მკითხავს, თუ რატომ არ ავიფარე ყურებზე ხელი.

მინდა ვისწავლო და გავუმჯობესდე. ყოველდღიურად უკეთესი ბრუნო უნდა გავხდე..

ეს მენტალიტეტი, ისევე, როგორც ყველა ჩემი ისტორია ჩემი ოჯახიდან მოდის. როდესაც ფეხბურთის თამაში პროფესიონალურ დონეზე დავიწყე მამაჩემს არ აინტერესებდა რამდენი გოლი გამქონდა ან რამდენ საგოლე პასს ვაკეთებდი. ის გამუდმებით ჩემს შეცდომებს ითვლიდა და ამაზე მიმითითებდა.

მახსოვს, როდესაც „ბოავიშტას“ 15-წლამდე გუნდში ვირიცხებოდი, „პორტუს“ დავუპირისპირდით. მაშინ ასაკობრივ გუნდებში „პორტუ“ ყველაზე ძლიერი იყო და მე კარგად ვითამაშე. კონკრეტულად იმ მატჩში დაცვაში მიწევდა თამაში. 0:1 წავაგეთ, მაგრამ იმდენად იდეალურად გამომდიოდა ყველაფერი, რომ თამაშის შემდეგ ყველა მე მაქებდა და მილოცავდა.

„პორტუს“ ერთ-ერთი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა: „შენ დიდი ფეხბურთელი გახდები.“

ეს საოცარი იყო.. მთვარეზე ვიყავი..

მაგრამ მამაჩემი არა..

მან თქვა: „ნახე რა მოხდა „პორტუს“ გოლზე? შენ რომ ასე ღრმად არ ყოფილიყავი აწეული, მათთვის იმ პასის გაკეთება ადვილი არ იქნებოდა. შენ სივრცე დატოვე!“

ამ მომენტზე ფიქრი დავიწყე და სიმართლე რომ გითხრათ, იმ ეპიზოდში არც კი ვმონაწილეობდი. მოედნის მეორე მხარეს ვიდექი. მამაჩემი დარწმუნებული იყო, რომ ამაზე ვფიქრობდი და ვნერვიულობდი. როდესაც თამაშს ვაგებდი ჭკუიდან ვიშლებოდი, ოთახში ვიკეტებოდი და არაფერს ვჭამდი. ეს იყო ჩემი მენტალიტეტის დაბადება, რომელიც ზოგიერთმა შეიძლება ცოტა ექსტრემალურად მიიჩნიოს, მაგრამ ჩემთვის ეს მუშაობდა.“

ეს მენტალიტეტი გადარჩენისთვის მჭირდებოდა. როდესაც 14-15 წლის ხარ, შენში ყველაფერი იცვლება. მხოლოდ ნიჭი საკმარისი აღარ არის. ბევრი უნდა იშრომო და გონებრივად გაძლიერდე. ეს ყველაფერი კი ერთმანეთს შეუხამო. მხოლოდ ფეხბურთით უნდა იცხოვრო.

როდესაც 17 წლის გავხდი, სინჯებზე იტალიაში წავედი და სრულიად ახალ ქალაქში მარტო ვიყავი. არავის ვიცნობდი და იტალიურიც არ ვიცოდი. წარმოუდგენლად გამიჭირდა.. იყო მომენტი, როდესაც გამოქცევა მინდოდა.

რომ არა მამაჩემის ჩანერგილი მენტალობა იტალიაში ვერ გავძლებდი. მამას რომ ყველა თამაშის შემდეგ საქებარი სიტყვები ეთქვა ახლა აქ არ ვიქნებოდი.

რადგან რეალური სამყარო ასე არ მუშაობს..

რეალური სამყარო არ გეუბნება, რომ ყველა მატჩის შემდეგ საუკეთესო ხარ..

ჩემი ოჯახი ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა. მათ განსაკუთრებით მაშინ ვუსმენდი, როდესაც ფეხბურთისთვის თავის დანებება მინდოდა. „ბრუნო გაჩერება არ შეგიძლია! ეს შენი ოცნებაა და უნდა გააგრძელო.“!

ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.. გესმით?

სწორედ ასე გავაგრძელე და არ ვჩერდებოდი. რამდენიმე წლის შემდეგ კი მოხდა რაღაც დაუჯერებელი..

2017 წლის 28 აგვისტო.. ეს თარიღი განსაკუთრებით მახსოვს..

პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერებს ხვდებოდა და მთავარმა მწვრთნელმა გამომიძახა. არ აქვს მნიშვნელობა ვის ვხვდებოდით, საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ნებისმიერ დროს დიდი პატივია.

მაგრამ წარმოიდგინეთ.. ნაკრებში გამოძახებამდე 13 წლით ადრე ცხრა წლის ბრუნო ვიყავი, სახეს ვიღებავდი და პორტუგალიის დროშას ვატარებდი. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც 2004 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჩვენს ქვეყანას ვგულშემატკივრობდი..

ეს იყო წელი, როცა რონალდუმ იფეთქა. ეს იყო მომენტი, რომელიც ყველას ახსოვს პორტუგალიაში. მაგრამ, როდესაც 9 წლის ხარ ყველაფერი მაინც უფრო აღმატებულად გეჩვენება.. სამწუხაროდ დავმარცხდით.. დეტალურად მახსოვს ყველა ფეხბურთელის თვალებზე ცრემლები..

ახლა გესმით რატომ იყო ემოციური ჩემი ნაკრებში გამოძახება? როდესაც გასახდელში შევედი და იქ რონალდუ დავინახე ძალიან მორცხვი გავხდი. ვნერვიულობდი..

კრიშტიანუს და სხვა კარგი პორტუგალიელი ფეხბურთელების გვერდით თამაში მეამაყება. იმედი მაქვს, ოდესმე მეც ვიქნები გულანთებული ბავშვების შთაგონების წყარო.. თუ ისინი იფიქრებენ, რომ ბრუნო ფერნანდეშის მსგავსი ვერასდროს იქნებიან, მე მათ ვეტყვი:

„არა, არა! მე ზუსტად თქვენნაირი ვიყავი. მე ახლაც იგივე ვარ, რაც შენ. ვუყურებდი კრიშტიანუს და ისე ვოცნებობდი, როგორც შენ ოცნებობ ახლა..“

2020 წლის ზამთარში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა ჩემი ოცნების კულმინაციას ჰგავდა. როდესაც ჩემი აგენტისგან გავიგე, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა იმ წამსვე ის დღე გამახსენდა, როდესაც შვეიცარიაში მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური ავირჩიე. არავინ იცის, თუ რა რთული გზა გავიარე აქ მოსასვლელად..

„იუნაიტედში“ გადასვლის შესახებ პირველად ჩემს მეუღლეს და შვილს ვუთხარი. იცით? იმ მომენტში პატარა ბავშვივით ავტირდი..

სიხარულის ცრემლები.. ბედნიერების ცრემლები.. მოგონებების ცრემლები..

როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, მაშინ ჯერ მხოლოდ შეყვარებულები ვიყავით. მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებება მინდოდა. მან კი მითხრა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამეკეთებინა. „ეს შენი ოცნებაა და არასდროს გაჩერდე“!

შემდეგ ჩემს ძმას დავურეკე და ისევ ტირილი დავიწყე..

ვფიქრობდი ყველა იმ კამათზე, რომელიც მე და ჩემს ძმას ბავშვობაში გვქონდა. ვინ იყო უკეთესი ან ვის იყიდდა „მანჩესტერ იუნაიტედი.“

ვფიქრობ, ისიც ტიროდა..

რა თქმა უნდა, მამასაც დავურეკე. ადამიანი, რომელმაც ოცნების ასრულებისთვის ყველაზე დიდი ბიძგი მომცა. ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ, რათა ოჯახს ყველაფერი ჰქონოდა.. მან ყველაფერი გაწირა ჩვენთვის!..

და იცით რა? ისიც ტიროდა..

არანაირი შენიშვნა, არაფრის გახსენება.. ხმას ვერ იღებდა.. მხოლოდ მისი ცრემლების ხმა ისმოდა..

ახლა, როცა „იუნაიტედში“ ვთამაშობ, მამაჩემი პატარა შესვენებას მაძლევს.. ის მატჩის დასრულებიდან 24 საათი იცდის და მხოლოდ შემდეგ მაძლევს შენიშვნას.

შეიძლება, თუ ერთ დღეს მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებ და გოლის გატანისას ყურებზე ხელის აფარება არ დამავიწყდება, საბოლოოდ 48-საათიანი სიმშვიდე დავიმსახურო..“ - მე ბრუნო ფერნანდეში ვარ

გაზიარება: