,,დიდებული დინამიზმი და შთამბეჭდავი სისწრაფე“- იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბარი აქტიურად გრძელდება. ამჯერად, მის შესახებ აზრი მაურო მელუზომ და სალვატორე არონიკამ გამოთქვეს.
,,ლეჩესა'' და ,,სპეციას'' ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ Tuttomercatoweb-თან საუბარში აღნიშნა:
,,ფუნქციონალური თვალსაზრისით ფეხბურთელების დამატების კუთხით ,,ნაპოლიმ'' ძალიან კარგად იმუშავა. კიმ მინ ჟაეს თამაში თურქეთში ვნახე და ამაღელვა. კვარაცხელია ბევრისთვის უცნობი იყო, ვულოცავ ჯუნტოლის. ის ნამდვილი ტალანტია, რომელიც განკუთვნილია განვითარებისთვის''.
ხვიჩას შესახებ ,,ნაპოლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე არონიკამ FirenzeViola-სთან ისაუბრა:
,,ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მან უკვე გამოავლინა მისი ტექნიკური თვისებები, თუმცა სისწრაფე, რომლითაც სერია ა-სთან ადაპტაცია გაიარა, შთამბეჭდავია. დიდებული დინამიზმი აქვს''.
,,ნაპოლის'' ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი გაიტანა, რაც ნეაპოლური კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ქართველი ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტერესია, მისი თამაშით არაერთი ცნობილი პიროვნება აღფრთოვანდა, მათ შორის არიან ანტონიო კასანო და მასიმო მორატი.
სერია ა-ს მესამე ტურში ,,ნაპოლი'' ,,ფიორენტინას'' ესტუმრება. შეხვედრა 28 აგვისტოს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.