„ხვალ რთული მატჩი გველის“ - ბურჯანაძისა და ბითაძის კომენტარები
იტალიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრეშას Pallaleonessa-ზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა ჩვენი გუნდი რამდენიმე კომბინაციის დამუშავებაში ავარჯიშა. კალათბურთელებმა ასევე დიდი დრო დაუთმეს სროლებს. ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა, შემდეგ დარბაზი იტალიელებმა დაიკავეს.
თორნიკე შენგელიას მაგივრად შემადგენლობაში მიხეილ ბერიშვილია, რომელმაც ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა. იტალიასთან მატჩისას თორნიკე ნაკრებთან იქნება. ის ამჟამად ბოლონიაში იმყოფება ცნობილი იტალიელი პროფესორის მოლოდინში. შენგელიას წინასწარი დათვალიერება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის სასწრაფო ოპერაციას არ საჭიროებს. თუ რა სახით გაგრძელდება მისი მკურნალობა, იქნება ეს კონსერვატიული გზით თუ ქირურგიული ჩარევით, რამდენიმე დღეში გადაწყდება.
იტალიასთან გასამართ მატჩზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელებმა, გოგა ბითაძემ და ბექა ბურჯანაძემ ისაუბრეს.
გოგა ბითაძე
„დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ და მსუბუქად ვივარჯიშეთ. ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით და ვიცით, რომ ძალიან რთული მეტოქე გვყავს. ამ მატჩს მთელი სერიოზულობით ვეკიდებით და დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება, რომელზეც ტაქტიკაზე ვიმუშავებთ. ხვალ ურთულესი შეხვედრა გველის და მთელი კონცენტრაცია მასზე გვაქვს გადატანილი. ბიჭები მზად არიან და რაც მთავარია, ჯანმრთელად არიან“.
ბექა ბურჯანაძე
„ერთი ვარჯიში უკვე ჩავატარეთ და საღამოს კიდევ ერთი სესია გველის. განწყობას რაც შეეხება, ნიდერლანდებთან მოგების შემდეგ, პოზიტიური განწყობა გვაქვს, მაგრამ შენგელიას ტრავმამ ჩვენს ხასიათზე ნამდვილად იმოქმედა. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და თოკოს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. იტალიასთან ძნელი და რთული მატჩი გველის და ვნახოთ, რა მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.