სლოვანის მორიგი სასწაული - ქართველები კონფერენს ლიგაზე
კონფერენს ლიგაზე პლეი-ოფების განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ქართველი გულშემატკივრების ყურადღებას ჩვენი ლეგიონერების ასპარეზობა იქცევდა.
ბუდუ ზივზივაძის უნგრულმა „ფეჰერვარმა“ ბუნდესლიგის წარმომადგენელ „კიოლნს“ პირველი მატჩი გერმანიაში 2:1 მოუგო, თუმცა საპასუხო შეხვედრაში შინ 0:3 დამარცხდა და ჯგუფში მოხვედრის შანსი დაკარგა.
ბუდუმ მატჩი სასტარტოში დაიწყო და მოედანზე 90 წუთიც დაყო, თუმცა ამჯერად მის გუნდს გოლით ვეღარ დაეხმარა.
ვაკო გვილიას პოლონური „რაკუვი“ პრაღაში „სლავიასთან“ 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
გვილია სასტარტოში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ქართველ შუახაზელს აღარ უთამაშია. მწვრთნელმა ის შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ „რაკუვმა“ მეორე გოლი 122-ე წუთზე გაუშვა და ძალიან მტკივნეული მარცხი განიცადა.
კიდევ ერთი პოლონური კლუბი პოზნანის „ლეხი“, რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი იცავენ, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
„ლეხმა“ ლუქსემბურგში „დუდელანჟთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო.
კვეკევსკირი სასტარტოში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. წიტაიშვილი თადარიგში გახლდათ და მინდორზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.
.@europacnfleague ????????
— Mistrz Polski ???? (@LechPoznan) August 25, 2022
_____#UECL | #DUDLPO 1:1 pic.twitter.com/rs73Ee3w1X
პორტუგალიური „ჟილ ვისენტე“, რომლის რიგებშიც გიორგი აბურჯანია ასპარეზობს, ორი მატჩის ჯამში „ალკმაართან“ 1:6 განადგურდა.
აბურჯანიამ შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და მოედანზე 90 წუთიც დაყო.
გაგი მარგველაშვილის ჩრდ. მაკედონურმა „შკუპმა“ კოსოვოს „ბალკანთან“ სტუმრად 0:1 დათმო და ორი შეხვედრის ჯამში 1:2 - ჯგუფში მოხვედრის შანსი დაკარგა.
მარგველაშვილი ძირითადში იმყოფებოდა, 23-ე წუთზე გაფრთხილებაც მიიღო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ვლადიმირ ვაისი „სლოვანმა“, რომლის ღირსებასაც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე იცავენ, ბოსნა-ჰერცოგოვინის ჩემპიონ „ჟრინსკისთან“ საკუთარ მოედანზე პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხეს და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. მატჩის 120 წუთი სლოვანმა 2:1 მოიგო.
როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა „სლოვანმა“ 0:1 დათმო. განმეორებითი დაპირისპირების ძირითადი 90 წუთი ვაისის გუნდმა 1:0 მოიგო და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.
სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იყო. გიორგი ჩაკვეტაძე 94-ე წუთზე შეცვალეს.
103-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, რამაც როგორც მოგვიანებით გაირკვა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა,
118-ე წუთზე ჯაბა კანკავამ მეორე ყვითელი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.
122-ე წუთზე „სლოვანმა“ მორიგი სასწაული მოახდინა და ბოლო წამებზე კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. ერიკ რამირესმა დუბლი გაიფორმა და გუნდი პენალტების სერიამდე მიიყვანა.
საწყისი 5-5 დარტყმა ორივე გუნდს ზუსტი ჰქონდა. შემდეგ სტუმრებმა გააფუჭეს, რასაც გურამ კაშიას გადამწყვეტი მე-6 პენალტი მოჰყვა, თუმცა დარტყმა მანაც გააცუდა.
ამის შემდეგ, „ჟრინსკიმ“ კიდევ ერთი დარტყმა გააფუჭა, „სლოვანის“ მხრიდან გამარჯვების მომტანი დარტყმის ავტორი ალექსანდრ ჩავრიჩი გახდა.