„ამის დანახვა გულს გვტკენს“ - ევრობასკეტის ოფიციალური გვერდი თოკოს ტრავმაზე
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია. სამწუხაროდ, გამარჯვება ძვირად დაგვიჯდა და ეროვნული გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. თოკომ მხარი მოიტეხა და ევრობასკეტზე მის გარეშე ვიასპარეზებთ.
შენგელიას ტრავმას ევრობასკეტის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა და „ინსტაგრამზე“ მას სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა: „ამის დანახვა გულს გვტკენს. მალე გამოჯანმრთელდი, თოკო“. კომენტარებში კი დასძინა: „გუშინ საღამოს თორნიკემ მხრის ტრავმა მიიღო და იძულებულია, პარკეტს მიღმა გადაინაცვლოს"
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ პარკეტზე არასრული 22 წუთი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. თორნიკემ 20 ქულა და 4 მოხსნა გაიფორმა. მატჩის შემდეგ, ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ ამ გამარჯვების აღნიშვნა რთულია, რადგან გუნდი კაპიტნის გარეშე დარჩა: „რეალურად ამ მატჩს ვერ ვიზეიმებთ, რადგან კაპიტანი გამოგვაკლდა. ბოლო პერიოდი კარგად ჩავატარეთ. მოთამაშეების რეაქციით ბედნიერი ვარ. ამ გამარჯვებას შენგელიას ვუძღვნით. გაგვიჭირდა, მაგრამ თავი ყველაფერს კარგად გავართვით.შენგელიას ტრავმა ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ყველა ჩვენგანი მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ“.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ გამართავს.