ხოჭოლავასა და მისი თანაგუნდელების ღირსეული ჟესტი - გასახდელი დაასუფთავეს
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პლეიოფში „ტრაბზონსპორის“ წინააღმდეგობა დაძლია და ორი მატჩის ჯამში, მეტოქე 2:1 დაამარცხა. დანიელებს პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდათ მოგებული და სტუმრად ნათამაშები ნულოვანი ფრე მიზნის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.
„კოპენჰაგენის“ მოთამაშეებმა საფეხბურთო სამყაროს ქება, როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა განვითარებული მოვლენების გამო დაიმსახურეს. მატჩის შემდეგ, დანიური კლუბის წარმომადგენლები ღირსეულად მოიქცნენ და საკუთარი გასახდელი დაასუფთავეს.
Well raised boys #fcklive pic.twitter.com/iPziSfAEIv
— F.C. København (@FCKobenhavn) August 24, 2022
ქართველი მცველისთვის „კოპენჰაგენის“ წარმატება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა და მატჩის შემდეგ პირველი, რაც ქართველმა გააკეთა, საკუთარ ოჯახთან საუბარი გახლდათ: „უკრაინელი მეუღლე მყავს და რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩემზე გავლენას ახდენს. დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა და მინდოდა, მისთვის და ჩემი შვილისთვის ეს განსაკუთრებული დღე მიმელოცა. მითუმეტეს ახლა, როცა ყველამ იცის, რომ უკრაინელ ხალხს ურთულესი პერიოდი უდგას. ძალიან მინდოდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავსულიყავი და ჩემი ოჯახი გამებედნიერებინა. ჩემს მეუღლეს უკვე ვესაუბრე და კინაღამ ატირდა. უმძიმესი დღეების გავლა გვიწევს და ის ბედნიერია, რადგან აქვს რაღაც, რის აღნიშვნაც შეუძლია. ძალიან, ძალიან დაღლილი და ბედნიერი ვარ. გუნდმა 90 წუთი ბრძოლაში გაატარა და ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ხოჭოლავამ.
ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.