„ბოლო 5 დღეა თავს უკეთ ვგრძნობ“ - კიტემ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა
გრაცის „შტურმის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. „კიტემ“ ინტერვიუ Sky Sport Austria-ს მისცა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია მოედანზე დაბრუნებას როდის შეძლებს.
„სასურველ ფორმაში არ ვიმყოფები და ისევ პრობლემები მაქვს. ბოლო ხუთი დღეა, თავს უკეთ ვგრძნობ და მოედანზე გასვლა და რაღაცების გაკეთება შევძელი. ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ჩემს მდგომარეობას ყოველდღიურად ვაკვირდები და იმედი მაქვს, გუნდს მალე დავუბრუნდები.
ჩემი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და რამის თქმა ძალიან ძნელია. იყო პერიოდი, როცა ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ ტრავმა გაუარესდა და ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია“.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილს აქილევსის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. გასულ სეზონში „კიტემ“ მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო, მის აქტივში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.