ჩელსის სატრანსფერო გეგმები - 3 ფეხბურთელს აკვირდებიან
ბოლო საათებში, ბრიტანულ პრესაში ჩელსის სატრანსფერო გეგმებზე ბევრი დაიწერა. არისტოკრატები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ, რომელთა შორის შემტევები დომინირებენ.
Times-ის ინფორმაციით, გასულ უქმეებზე, ჩელსი მილანს დაუკავშირდა და რაფაელ ლეაუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. არისტოკრატები მზად არიან, როსონერის დასაყოლიებლად გარიგებაში ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელი ჩართონ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვის გაშვებას აპირებენ.
საინტერესოა, რომ სტემფორდ ბრიჯზე გადასვლის წინააღმდეგი არც პორტუგალიელი შემტევი გახლავთ. Times-ის ცნობით, ლეაუ პრემიერ ლიგაში თამაშის პერსპექტივით მოხიბლულია და თუ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა, ადგილსამყოფლის გამოცვლა მისთვის პრობლემა არ იქნება.
ლეაუს გარდა, გაჟღერდა კიდევ ერთი ვარიანტი. Record-ის ცნობით, ჩელსიმ პორტუს მიმართა და 25 წლის გარემარბთან, პეპესთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. დრაკონებმა ლურჯებს შეუთვალეს, რომ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუ სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ Daily Mail-ის ცნობით, ლურჯები დარწმუნებული არიან, რომ ევერტონის ფეხბურთელს, ანტონი გორდონს გაიფორმებენ და მისი შეძენა 60 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე დაუჯდებათ.