ბათუმის დინამო, არჩილ ბერიძე
Aa
Aa

„დინამოში ხვიჩას ხელფასს ჯუღელი უხდიდა“ - Sports.ru-ს სტატია ბათუმის დინამოზე

რუსული გამოცემა Sports.ru ბათუმის ''დინამოს'' შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. კლუბის გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე და პრეზიდენტი არჩილ ბერიძე ხვიჩას ტრანსფერსა და კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობენ.

კლუბის გენერალური დირექტორის, ასლან ბალაძის თქმით, პირველად არჩილ ბერიძემ ბათუმის ''დინამოს'' ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება 2015 წლის ზაფხულში, ''ომონიასთან'' შეხვედრამდე გამართა. 2018 წელს კლუბის პრეზიდენტი გახდა, როცა გუნდი რანგით მეორე ლიგაში გავარდა.

კითხვაზე, არჩილ ბერიძე არის თუ არა საქართველოს 20 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის, ბათუმის ''დინამოს'' პრეზიდენტის პასუხი ასეთია:

''შესაძლოა, 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორისაც არ ვიყო. მაგრამ ფული ყველაფერს არ ნიშნავს. მე არ ვარ ოლიგარქი, მე რიგითი ბათუმელი ვარ, ვისაც უყვარს ამ ქალაქის გუნდი. მილიონერობაზე პრეტენზია არ მაქვს''.

სტატიის მიხედვით, 2015 წელს ბათუმის ''დინამოს'' ბიუჯეტი 1,2 მილიონი ლარი იყო. კლუბის ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა და ახლა 6-7 მილიონი ლარია.

ასლან ბალაძე რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელების ანაზღაურებაზე საუბრობს:

''ჩვენ ორი ან სამი მოთამაშე გვყავს, რომელთა ხელფასი 10 000 დოლარია, მაგრამ საშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლებია, 2-3 ათასი აშშ დოლარი. ქართული ფეხბურთისთვის ეს ბევრია''.

კითხვას, რამდენი იყო ხვიჩას ხელფასი ბათუმის ''დინამოში'', გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე პასუხობს:

''მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯანო ანანიძეს ''სპარტაკში'' ხელფასი 140 000 დოლარი ჰქონდა და ჩვენთან მისი ანაზღაურება 5 ათას დოლარს შეადგენდა. ხვიჩა ბათუმის ''დინამოში'' თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა. არ ვიცი რამდენი იყო მისი ხელფასი ბათუმის ''დინამოში'', ეს მის აგენტს უნდა ჰკითხოთ, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ კონტრაქტი ორწლიანი გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით ბათუმის ''დინამო'' ''ნაპოლისგან'' სიმბოლურ ბონუსებს მიიღებს. კონტრაქტის ყველა დეტალი მამუკამ იცის, მე ვერაფერს გეტყვით. ბათუმის ''დინამოში'' ხვიჩას ხელფასს მამუკა ჯუღელი უხდიდა''.

რა თანხა მიიღო ბათუმის ''დინამომ'' ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის სანაცვლოდ? არჩილ ბერიძის თქმით, ეს საკითხი კონფიდენციალურია: 

''ჩვენ ყველაფერი კონტრაქტში დავწერეთ, მაგრამ ეს კონფიდენციალურია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხვიჩა ''ნაპოლიში'' ბათუმის ''დინამოდან'' გადავიდა, ის იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ შეუერთდა''.

ინტერვიუდან ასევე ვიგებთ, რომ არჩილ ბერიძე ''ლამინი ჯგუფის'' დამფუძნებელი და მფლობელია. აღნიშნული კომპანია სამშენებლო ბიზნესითაა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ვარსკვლავი ხდება“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლის ვარსკვლავი ხდება“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა