,,ჯერ დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს, მეტი შეუძლია“ - სპალეტი კვარაცხელიაზე
სერია ა-ს მეორე ტურში ''ნაპოლიმ'' ''დიეგო მარადონაზე'' ''მონცა'' 4:0 დაამარცხა. ნეაპოლელთა ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ''მარადონაზე'' დებიუტი დუბლით აღნიშნა, 35-ე წუთზე საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, 62-ე წუთზე ლობოტკას გადაცემა გოლით დააგვირვინა და ანგარიში 3:0 გახდა.
კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, რაც დაუჯერებლად ბრწყინვალე სტარტია სერია ა-ს დებიუტანტისთვის.
მატჩის შემდეგ ''ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩას შესახებ განაცხადა:
''მას კარგი საფეხბურთო თვისებები აქვს, დიდებული პროფესიონალი და კარგი ბიჭია. ხვიჩა ჯერ დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს. მას კიდევ მეტის გაკეთება შეუძლია. მას დიდი პოტენციალი აქვს. გოლის გატანა თავით და ორივე ფეხით შეუძლია''.
მესამე ტურში ''ნაპოლი'' ''ფიორენტინას'' ესტუმრება. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება.