,,სრულყოფილი ფეხბურთელის წარმოუდგენელი სტარტი“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
სერია ა-ს მეორე ტურში ''ნაპოლიმ'' ''დიეგო მარადონაზე'' ''მონცა'' 4:0 დაამარცხა. ნეაპოლელთა ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ''მარადონაზე'' დებიუტი დუბლით აღნიშნა, 35-ე წუთზე საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, 62-ე წუთზე ლობოტკას გადაცემა გოლით დააგვირვინა და ანგარიში 3:0 გახდა.
კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, რაც დაუჯერებლად ბრწყინვალე სტარტია სერია ა-ს დებიუტანტისთვის.
''მონცასთან'' მატჩის შემდეგ იტალიური მედია ხვიჩას სრულყოფილ ფეხბურთელს უწოდებს.
La Gazzetta dello Sport: ''კვარაცხელიას შოუ ! ქართველი სეზონის საწყის ორივე მატჩში შთამბეჭდავი იყო. ''ნაპოლი'' თამაშობდა დაუჯერებლად ლამაზ ფეხბურთს. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს ''მონცამ'' წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მათ პირველივე ტაიმში გაიტანეს. მეორე ტაიმში კვლავ K ფაქტორი ამოქმედდა, კვარაცხელიას მეორე გოლის შემდეგ კიმ მინ-ჟემ შეაგდო.
კვარაცხელიას სტარტი წარმოუდგენელია, სრულყოფილი ფეხბურთელია, მან გოლები თავით, მარჯვენა ფეხით და მარცხენა ფეხით გაიტანა''.
Corriere dello Sport: ''საწყის ორ მატჩში 3 გოლი შეაგდო. ''მონცასთან'' შედევრი შექმნა, მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა. მეორე გოლისას ბრწყინვალე დრიბლინგი შეასრულა. საწყისი ორი ტურის შემდეგ ყველა მიხვდა, ყველამ გაიაზრა, რომ ''ნაპოლიში'' ფენომენი გადაბარგდა. მას ყველა თვისება აქვს უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გახდეს''.
მესამე ტურში ''ნაპოლი'' ''ფიორენტინას'' ესტუმრება. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება.