პსჟ, ნეიმარი
Aa
Aa

ანალიზი - რომელია დამნაშავე? მბაპე თუ ნეიმარი?

„პარი სენ ჟერმენის“ ორი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის კონფლიქტი კრისტოფერ გალტიეს შიდა სამზარეულოს საფრთხეს უქმნის.

სეზონის დაწყების წინ, ფრანგულმა გრანდმა მბაპე დაარწმუნა და გუნდში დატოვა. თუმცა რამდენიმე ტური გავიდა და კილიანი ბედნიერი არ ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა და კლუბის მართვის სადავეებზე უფლება მოიპოვა.

მსოფლიო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ნეიმარმა გუნდი დატოვოს. ამის საპასუხოდ, მბაპეს არყოფნაში ბრაზილიელმა შემტევმა ორ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ყველა ჭორს წერტილი დაუსვა.

ბრაზილიელმა კვლავ დაჩრდილა მბაპე მაშინ, როდესაც ის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა „მონპელიეს“ წინააღმდეგ. კილიანმა პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო ნეიმარმა დუბლი შეასრულა. აქედან ერთი კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით.. ყველაფერი სწორედ აქ დაიწყო..

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს პენალტის შესრულება ისევ უნდოდა, მაგრამ ამჯერად ნეიმარმა არ დაუთმო, რაზეც მბაპე გაღიზიანდა. მათი უთანხმოება კი გასახდელში გაგრძელდა..

ზოგადად, ითვლება, რომ ნეიმარმა მასში გადახდილი 222 მილიონი ევრო ვერ გაამართლა და ის ფეხბურთელი ვერ ითამაშა, როგორსაც მისგან ელოდნენ. ამის პარალელურად, თავად ფეხბურთელი საკუთარ თავს ხშირად აკრიტიკებდა და გამუდმებით გაუმჯობესება სურდა.

ბრაზილიელი ვარსკვლავი ცნობილია თავისი კლუბური ცხოვრების სიყვარულით, რაც გულშემატკივრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ისინი თვლიან, რომ ნეიმარი საქმეს საკმარისად სწორად არ ეკიდება.

დღეს სხვანაირ ნეიმარს ვხედავთ. გალტიეს ხელმძღვანელობით ბრაზილიელი აშკარა ლიდერია და გარკვეულწილად მბაპეს და მესის ჩრდილავს. რეალურად კი იმ საუბრებმა, რომლებიც მის გუნდიდან წასვლას ეხებოდა, მოტივაცია მისცა.

იმ პირობების ფონზე, რაც კლუბმა მბაპეს შეუქმნა, მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ ის უნდა იყოს. ასე არ ხდება. ამას თავად კილიანიც გრძნობს და ნათლად გამოხატავს. შეტევების დროს თუ მას პასს არ აძლევენ ჩერდება და წინ აღარ გარბის.

რა თქმა უნდა, ნეიმარს აქამდე სწორად აკრიტიკებდნენ და მის მიმართ მოლოდინიც გამართლებული იყო, მაგრამ მბაპეს ასეთმა საქციელმა ის სამარცხვინო ფეხბურთელად აქცია. ეს კი ხელმძღვანელობისთვის განგაშის სიგნალი უნდა იყოს.

იმ მომენტიდან, როდესაც 23 წლის ფრანგმა „რეალში“ გადასვლაზე უარი განაცხადა, ფლორენტინო პერესმა რამდენიმე დარტყმა მიაყენა და მას სპორტულ მედიაში სახელი გაუფუჭა. ასევე განაცხადა, რომ კილიანი ვერასდროს გადავა „სამეფო კლუბში“. ამის შემდეგ კი მბაპეს ე.გ. "MPayPal" და "MBitcoin" შეარქვეს. ეს ყველაფერი კი ფულისადმი მისი სავარაუდო ლტოლვის გამო.

ჯერჯერობით ყველაფერი ისევ დაძაბულია და არავინ იცის რა ხდება „პარი სენ ჟერმენის“ გასახდელში, თუმცა ერთი რამ ნათელია - გუნდში ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. მბაპეს მიმართ კი აგრესია ყოველდღიურად იზრდება..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბ დვალიშვილი: მე კავკასიელი ვარ და არა საბჭოთა კავშირელი
მერაბ დვალიშვილი: მე კავკასიელი ვარ და არა საბჭოთა კავშირელი