ამჯერად მედლის გარეშე - ნადირაძე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდა
ნიჩბოსნობაში, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ზაზა ნადირაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა. მან ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრის დისტანცია 40, 562 წამში დაფარა და მედლის გარეშე დარჩა.
პირველ პოზიციაზე ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტასი გავიდა, რომელმაც 200 მეტრი 39,832 წამში დაფარა, მეორეზე ესპანელი პაბლო გრანა გავიდა (39,894). მესამეზე კი - პოლონელ ოლეკსი კოლიადიხი (40,166).
ზაზა ნადირაძემ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც პლოვდივმა უმასპინძლა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ, 2018 წელს, ბელგრადში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში კიდევ ორი ქართველი ნიჩბოსანი იასპარეზებს: ბადრი ყაველაშვილი (ერთადგილიანი კაიაკი, 200 მეტრის დისტანცია) და მარიამ ქერდიკაშვილი (ერთადგილიანი კანოე, 200 მეტრის დისტანცია). ორივე მათგანი ფინალურ გამოსვლას 21 აგვისტოს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატს ქალაქი მიუნხენი მასპინძლობს.