ტრანსფერი თითქმის დასრულებულია - უმტიტი ლეჩესთან ერთ ნაბიჯშია
დიდი ხანია „ბარსელონას“ სამუელ უმტიტის გაყიდვა სურს. ფრანგი უკანახაზელი მიღებული ტრავმის შემდეგ ძველებურ ფორმას ვერაფრით დაუბრუნდა. მეტიც, ის ახლა ბარსასთვის მძიმე ტვირთია, რომელსაც ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვს.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს „რენს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა მის ყიდვაზე საბოოლოდ უარი განაცხადა. დღეს კი ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
იტალიელი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებ-საიტზე წერს, რომ სამუელის შეძენასთან ძალიან ახლოს არის „ლეჩე“. სერია ა-ში ახლად აღზევებული კლუბი გაძლიერებას ცდილობს, რათა იტალიის მთავარ ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნოს.
როგორც დი მარციო წერს, ტრანსფერის გაჩარხვამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი და უდიდესი ალბათობით უმტიტი „ლეჩეს“ ფორმას მოირგებს. ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფრანგი კატალონიურ გრანდს 2016 წელს შეუერთდა და უმალ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, მიღებული ტრავმის შემდეგ უმტიტის კარიერა უკან წავიდა.
2016 წლიდან დღემდე, სამუელმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 133-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.