მერაბ დვალიშვილი: მე კავკასიელი ვარ და არა საბჭოთა კავშირელი
მერაბ დვალიშვილი ბრძოლამდე Metaratings-ს ესაუბრა. კითხვაზე ჰქონდა, თუ არა რაიმე ისტორია მის ეროვნულ ფაფახს, მერაბმა ასე უპასუხა:
„ჩვენ კავკასიელი ხალხი ვართ. ეს ჩვენი ტრადიციაა. რა თქმა უნდა, ფაფახს პაპაჩემი და უფროსი თაობის ხალხი ატარებდა. ჩემი წინაპრები მთებში ცხოვრობდნენ და მესაქონლეობას ეწეოდნენ. მათ სიცივეში ხანგრძლივი დროით უწევდათ ყოფნა და ამიტომ ატარებდნენ ფაფახს. ეს არის ჩვენი კავკასიური ტრადიცია. მე უბრალოდ მინდა, რომ ხალხს ვაჩვენო ჩვენი ტრადიცია, ის თუ საიდან ვარ.
მე კავკასიელი ვარ და არა საბჭოთა კავშირელი. ჩემი სამშობლო საქართველო იბრძვის, რომ ევროპის ნაწილი იყოს და არა საბჭოთა კავშირის. გვსურს დემოკრატიულად ვიცხოვროთ, უკან დაბრუნება არ გვინდა. ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები. ჩვენ მაგარი ხალხი ვართ, რომლებიც თავიანთ ტრადიციებს პატივს სცემენ. სწორედ ამის ჩვენება მსურს.
ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ, საქართველო წარმოუდგენლად ლამაზი ქვეყანაა. ჩვენ ყოველთვის გვიწევდა საკუთარი ტერიტორიების დაცვა დიდი სახელმწიფოებისგან. მივეჩვიეთ ომებს, ამიტომ ბრძოლა სულში და მენტალიტეტში გვაქვს. სწორედ ამიტომ გვყავს კარგი მებრძოლები.
ქართველთა მომდევნო ბრძოლებიდან მხოლოდ გამარჯვებას ველი. გიგა ჭიკაძე ძალიან ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდება, სადიქ იუსუფს, თუმცა ის გამარჯვებისთვის მზად არის, რადგან საკმაოდ ჭკვიანია და კარგად ემზადება. კარგი ბრძოლა ელის რომან დოლიძესაც და მანაც უნდა მოიგოს. ილია თოფურია კი ედსონ ბარბოსას ხვდება და მჯერა, რომ ის მას ვადაზე ადრე დაამარცხებს“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ალდოს 21 აგვისტოს გამთენიისას, 07:00 საათზე დაუპირისპირდება.