ზივზივაძე: ,,დონე არ უნდა დავაგდო, ტოპ 5-სთვის მზად ვარ“
''მოლ ფეჰერვარის'' ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალე ფორმაშია, UEFA-ს კონფერენს ლიგის ხუთ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში უნგრულმა კლუბმა სტუმრად ბუნდესლიგის ''კიოლნი'' დაამარცხა, 32-ე წუთზე ზივზივაძემ ბრწყინვალე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მე-40 წუთზე კი მისი საგოლე პასით პალკო დარდაიმ გამარჯვების გოლი შეაგდო (1:2). საპასუხო მატჩი უნგრეთში 25 აგვისტოს გაიმართება.
''კიოლნთან'' მოგებული მატჩის შემდეგ ზივზივაძე CrystalSport-ს ესაუბრა.
- გერმანულ კლუბს გაუტანე, რომელიც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მე-7 ადგილზე გავიდა. ''კიოლნი'' გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე ''პეტროკუბი'' ან ''გაბალა''. როგორ ფიქრობ, ტოპ 5-სთვის მზად ხარ?
''მხოლოდ ''კიოლნთან'' გატანილი გოლის გამო არ ვფიქრობ, რომ ტოპ-5-ისთვის მზად ვარ. წლევანდელ წელს ძალიან კარგ ფორმაში ვარ, კარიერაში საუკეთესო დრო მიდგას, ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. ვფიქრობ, უფრო მაღალ დონეზე ასვლას ვიმსახურებ. ჩემი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი გავიტანო. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს შრომა დამიფასდება''.
- როგორია შენი მენტალური მდგომარეობა, როცა კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებ, თითქმის ყველა მატჩში გოლს იტან და გამორჩეული ხარ.
''მენტალურად ძალიან კარგად ვარ, გოლებიც ძალიან მეხმარება იმაში, რომ ყველა თამაშზე თავდაჯერებული გავიდე, ჩემი თავის რწმენა მქონდეს. ვცდილობ, ყველა თამაშში გავიტანო. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ. ვცდილობ დონე არ ''დავაგდო'' და ფორმა შევინარჩუნო. თუ უგოლო სერია მექნება, ყველას დაავიწყდება თუ რა გავაკეთე რამდენიმე თვის წინ''.
28 წლის ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგისა და უნგრეთის ჩემპიონატის ჩათვლით მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო, 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.