„თანამედროვე ფეხბურთში ბევრ მისნაირ ფეხბურთელს ვერ იპოვით“ - რას წერენ ბრიტანეთში ხვიჩაზე
ბრიტანული გამოცემა, Liverpool.com-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. მისი ავტორი, ბენ ბოშაკი „კვარას“ დახასიათებას გვთავაზობს და აცხადებს, რომ „წითლებმა“ მას თვალი აუცილებლად უნდა ადევნონ.
„რობერტო ფირმინოს კონტრაქტი მომდევნო ზაფხულში იწურება, დიეგუ ჟოტა კი ბოლო პერიოდში ტრავმებისკენაა მიდრეკილი. არაა გამორიცხული, ადრე თუ გვიან, ლივერპულს შემტევი ფეხბურთელის დამატების აუცილებლობა გაუჩნდეს და თუ ასე მოხდა, არის ერთი ტალანტი, რომელიც შესაძლოა, ზუსტად ის იყოს, რაც წითლებს სჭირდებათ.
მოჰამედ სალაჰის მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელია სახელის მოხვეჭას სერია A-ში იწყებს. ამ ზაფხულს, იგი ნაპოლიში გადავიდა და ქართველ ფეხბურთელს იქაური ცხოვრების შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა. კვარაცხელიამ ნაპოლის დინამო ბათუმიდან მიაშურა, მანამდე კი რუბინში თამაშობდა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ფიფას მიერ შემუშავებულმა წესებმა სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცა. რუსეთის პრემიერ ლიგის ბორკილებიდან თავის დაღწევის შემდეგ, კვარაცხელიამ დინამო ბათუმის მაისურით, 11 შეხვედრაში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ნაპოლიში კი სერია A-ს სადებიუტო მატჩი გოლითა და საგოლე პასით აღნიშნა.
კვარაცხელია ფეთქებადი ფეხბურთელია, რომელსაც დრიბლინგით მეტოქეების ჩამოშორება ახასიათებს და ბურთთან ერთად მოუხელთებელია. სადებიუტო შეხვედრაში მან 9 დრიბლინგი შეასრულა, რომელთაგან წარმატებული 8 იყო. ხვიჩამ ვერონას ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში უამრავი პრობლემა შეუქმნა და ეს მოწინააღმდეგისთვის სახიფათო ტერიტორიაზე შესვლებითა და მათ საჯარიმოში განხორციელებული 6 შეხებით გააკეთა. ხვიჩას შეტევის ორივე ფლანგზე თამაში და შედარებით ცენტრალური როლის მორგებაც შეუძლია. იგი ძალიან ახალგაზრდაა და მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა დრიბლინგის უნარი და პოზიციური თვითშეგნება, რომ თავისუფალი სივრცეები იპოვოს, მას იურგენ კლოპის სათამაშო სქემისთვის შესაბამის შემტევად აქცევს, რომელიც ლუის დიასისა და მოჰამედ სალაჰის კომბინაციას წარმოადგენს. დიასს იგი მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაშის უნარით, ხოლო სალაჰს - მოედნის დასკვნით მესამედში მოხდენილი გავლენით ჰგავს.
კვარაცხელია ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და მიუხედავად იმისა, რომ მუშაობისა და ფიზიკური კონდიციების მხრივ, მოსამატებელი აქვს, მის მიერ შეტევაში ნაჩვენები თამაში გვარწმუნებს, რომ საქმე აღმაფრთოვანებელ პოტენციალთან გვაქვს. თუ მან ისე განაგრძო, როგორც რუსეთში, საქართველოში, თავის ეროვნულ გუნდში და ნაპოლის მაისურით გამართულ სადებიუტო შეხვედრაში ითამაშა, სიურპრიზი არ იქნება, რომ ლივერპულის რადარზე აღმოჩნდეს. თანამედროვე ფეხბურთში მისნაირი მოთამაშეები ბევრნი არ არიან და მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა. შესაძლოა, მომავალში ნაპოლის ვარსკვლავმა ლივერპულის შეტევაში მოსახვედრად სხვებს კონკურენცია გაუწიოს ან ენფილდზე სალაჰის ტახტის მემკვიდრე გახდეს... მაგრამ ამ წუთისთვის, იგი დამაინტრიგებელი ფეხბურთელია, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ და მისმა თამაშმა ლივერპულის სკაუტინგის დეპარტამენტს საფიქრალი ნამდვილად გაუჩინა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ სტადიო „დიეგო არმანდო მარადონაზე“ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 21 აგვისტოს არის დაგეგმილი. იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.