„ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ბაიერნის აკადემიის მენეჯერი პარკაძეზე
მიუნხენის „ბაიერნის“ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა, იოხენ ზაუერმა ლუკა პარკაძეზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს მომდევნო ზაფხულს შეუერთდება, ზაუერი კი აცხადებს, რომ გერმანული გრანდი მას დიდი ხანი აკვირდებოდა.
„ლუკას დიდი ხანია ვიცნობთ და ჩვენი სკაუტები მას თვალს ადევნებდნენ. ამასთან, მან ბაიერნის კამპუსში გავლილ სინჯებზე, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ მისი გაფორმება მოვახერხეთ და დინამო თბილისსა და ლუკას აგენტს, გურამ კაჭახიძეს მადლობას ვუხდით“.
შეგახსენებთ, რომ ლუკა პარკაძე დინამოს აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული თურანის წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.