მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი: „შოკში ვიყავი, როცა ეს ბრძოლა მივიღე, ლეგენდას ვხვდები“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა, რომელსაც ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართავს. „მანქანამ“ განაცხადა, რომ გაუკვირდა, ალდო მის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლას რომ დათანხმდა და დასძინა, რომ ლეგენდას ხვდება.

„ჩემთვის ეს მორიგი ბრძოლაა, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ჩემი მეტოქე ჟოზე ალდოა. შოკში ვიყავი, როცა ეს ჩხუბი მომცეს და გამიკვირდა, ალდომ ჩემთან დაპირისპირებაზე თანხმობა რომ განაცხადა. ამ ბრძოლაზე საუბარი როცა მიდიოდა, ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი ყოფილიყო და არა - ალდო. ჩემს მომდევნო მეტოქეს დიდი სახელი აქვს, ოქტაგონზე გასასვლელად მზად ვარ, ის ლეგენდაა და უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგეა, თავდაუზოგავად ვიმუშავებ და მიზნის მიღწევას შევეცდები.

სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ საკმარისად ცნობილი არ ვიყავი, რათა ალდოსთან მეჩხუბა, მაგრამ როგორც ჩანს, ვცდებოდი. ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ოქტაგონზე გასვლას მოუთმენლად ველოდები. ჩვენ ვიბრძვით, რათა გავარკვიოთ, საუკეთესო ვინაა და ვფიქრობ, ამ წუთისთვის მასზე უკეთესი ვარ. მაქვს სტილი, რომლითაც მისი დამარცხება შემიძლია და მინდა, ოქტაგონზე ყველაფერი დავტოვო. ვიჭიდავებ თუ არა 15 წუთის განმავლობაში? მგონი, საიდუმლო არავისთვისაა, რომ ასე იქნება. ალდოს წინააღმდეგ დგომში დარჩენა სერიოზული რისკია და თან მსაჯებისთვის უფრო მარტივია, როცა ერთი მებრძოლი თეიქდაუნს ახორციელებს და შემდეგ დომინანტურ პოზიციაშია. ჟოზე თეიქდაუნების წინააღმდეგ თავს ბრწყინვალედ იცავს და ვნახოთ, რა მოხდება.

ვფიქრობ, ალდოსთან თეიქდაუნების განხორციელება შემიძლია და მჯერა, ეს გამომივა. ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იქნება და ქომაგების მხარდაჭერის გარდა, ახლა UFC-ისგანაც პატივისცემას ვგრძნობ. ეს ჩემთვის უდიდესი ჩხუბია. ალდო შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. UFC-ში თითოეული გამარჯვება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ჟოზე ალდოსნაირი მეტოქის დამარცხება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ცხოვრების შეცვლა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაიმახსოვრეთ ეს სახელი!“ - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო დებიუტანტია
„დაიმახსოვრეთ ეს სახელი!“ - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო დებიუტანტია