„ნაპოლიმ ახალი ვარსკვლავი იპოვა“ - Corriere della Sera ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს
„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება. ამჯერად, ერთ-ერთი წამყვანი გამოცემის, Corriere della Sera-ს სტატიას შემოგთავაზებთ, რომელიც „პარტენოპეის“ გარემარბს ეხება, მისი სათაური კი ასეთია - „ნაპოლიმ ახალი ვარსკვლავი იპოვა“.
„ხვიჩა კვარაცხელია განახლებულ ნაპოლიში შესანიშნავია. მემარჯვენე ფეხბურთელი მეტოქის დაცვის ხაზს წელავს და მოედანს უფრო ფართოდ წარმოაჩენს. ინტელექტისა და ფიზიკური მონაცემების დახმარებით, იგი სივრცეს კარგად იყენებს და წნეხისა და შიშის გარეშე თამაშობს. ვიტყოდით, რომ ხასიათითაც გამოირჩევა, მაგრამ ერთი ოფიციალური მატჩის შემდეგ, ამ დასკვნის გამოტანა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი და ასისტი გაიფორმა, არ შეიძლება.
ტაქტიკური გადმოსახედიდან, ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ ტემპერამენტით გამოირჩევა. იგი საქართველოდანაა. ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობაშიც ომმა სიმტკიცისა და გამძლეობის დანერგვა განაპირობა. კვარაცხელიას თანამემამულე, ზურიკო დავითაშვილი მას ქართველ მესის უწოდებს. არადა, ხვიჩა მემარჯვენეა და თან მისი შთაგონების წყარო კრიშტიანუ რონალდუა, რაზეც მისი მაისურის ნომერიც მოწმობს - 77. ორი შვიდიანი თავისი ჩემპიონის საპატივცემულოდ“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ, ხვიჩას ასპარეზობას უამრავი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა და მასზე La Gazzetta dello Sport-მა, Football Italia-მ და სხვებმა დაწერეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი იტალიის სერია A-ში მომდევნო დაპირისპირებას 21 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე „მონცას“ წინააღმდეგ ნეაპოლში გამართავს.