კიდევ 3 ოქრო პოლონეთიდან - ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია
პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე 15-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩვენი ქვეყნის სახელით დღეს ფიცარნაგზე 102+ კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუა წარდგა და ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა ზუსტად გამოიყენა და 115, 120 და 125 კილოგრამების დაძლევით ოქროს მედალი მოიპოვა.
ვეკუა დამაჯერებელი იყო აკვრაშიც და საკუთარ აქტივს კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა. ქართველმა სპორტსმენმა სამ ცდაზე 148, 154 და 157 კილოგრამები ასწია და პირველობა არავის დაუთმო, ორჭიდის ჯამში კი 282 კგ. დააფიქსირა და მესამე ოქროსთან ერთად ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.