მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მადრიდშია - მიზანი კაზემიროს გადაბირებაა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ სეზონის საშინელი დაწყების შემდეგ, შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ბევრისთვის მოულოდნელად, MARCA-მ დაწერა, რომ ამ წუთებში „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენლები მადრიდში იმყოფებიან და კაზემიროს ტრანსფერზე მუშაობენ.
აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ ინგლისელები რაულ დე ტომასის, კუნიას, მორატას და ობამეიანგის გადაბირებასაც ცდილობენ, თუმცა პრიორიტეტი კაზემიროა.. ამის მიზეზი კი მატიჩის და პოგბას წასვლა გახდა. ერიკ ტენ ჰაგი თვლის, რომ თავის გუნდს გაძლიერება ყველაზე მეტად შუა ხაზში სჭირდება. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ დიდი ხანი ცდილობდა დე იონგის გადაბირებას, თუმცა თავად ფეხბურთელმა „ბარსელონაში“ დარჩენა არჩია.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით, კარლო ანჩელოტი პირადად ეწინააღმდეგება ბრაზილიელი საყრდენის წასვლას, მაგრამ „რეალი“ ყოველთვის მზად არის წინადადების მოსასმენად, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ კაზემირომ „რეალი“ დატოვოს.
რეალურად კი „ბლანკოსს“ 7 ნახევარმცველი ჰყავს და თამაში ყველა სურს. ასევე აღსანიშნავია, რომ 7 ნახევარმცველიდან ყველას შეუძლია რამდენიმე როლის მორგება. მაგალითად, „ალმერიასთან“ მატჩში კაზემიროს არყოფნაში საყრდენის პოზიცია ჩუამენიმ დაიკავა. მსგავსი რამის გაკეთება კამავინგას და ტონი კროოსსაც შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ კაზემირო მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდში 2013 წლიდან გამოდის, თუმცა 1 სეზონით „პორტუში“ იყო განათხოვრებული. ჯამში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 336-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.