ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მარადონასა და რონალდუს მსგავსად“ - Corriere dello Sport-ის სტატია ხვიჩაზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს. მასში საუბარი „პარტენოპეის“ დღევანდელ შეხვედრაზეა და ავტორი პარალელს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების, დიეგო მარადონასა და კრიშტიანუ რონალდუს სადებიუტო მატჩებთან ავლებს.

„ბევრი მიზეზია, რის გამოც, ნაპოლის მატჩი, რომელიც ბენტეგოდის სტადიონზე გაიმართება, დიდ ინტერესს იწვევს. 2022-23 წლების სეზონი აძურისთვის ახალი ეპოქის სტარტის მაუწყებელი სიგნალია. ესაა ახალი ციკლი გუნდის ლიდერების, კალიდუ კულიბალის, ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსის წასვლის შემდეგ, რომელთა წყალობითაც, ბოლო სეზონებში გუნდი სკუდეტოსთვისა და ევროტურნირებზე წარმატების მისაღწევად იბრძოდა.

გუნდი, რომელიც ნაპოლის გამოიწვევს, ვერონაა. პარტენოპეიმ ჯოვანი სიმეონე გაიფორმა, მაგრამ იგი განაცხადში არ იქნება. ნაპოლის ქომაგებს შეიძლებოდა, კიდევ ორი ფავორიტი, მეკარე კეილორ ნავასი და შემტევი ჯაკომო რასპადორი ჰყოლოდათ, მაგრამ ეს გარიგებები ჯერ არ დახურულა.

ამასობაში, მიზეზები, რომელთა გამოც ვერონასთან გასამართი მატჩისკენ დიდი ინტერესია მიპყრობილი, ნაპოლის ახალწვეულები კიმ მინ-ჩჟე და ხვიჩა კვარაცხელია არიან. კორეელი ცენტრალური მცველის გარშემო მისტიკა კვლავინდებურად არსებობს, ქართველ გარემარბს რაც შეეხება, მას შეუძლია, ერთ-ერთი პროტაგონისტი გახდეს და ამხანაგური მატჩებისას და ერთა ლიგის შეხვედრებისას თავისი ხარისხი უკვე აჩვენა.

იტალიურ ფეხბურთში კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრას წინასწარ განსაზღვრული წარმატების აურა ახლავს, რადგან მსოფლიო ფეხბურთის ორმა ლეგენდამ, დიეგო არმანდო მარადონამ და კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში სადებიუტო შეხვედრა სწორედ ამ სტადიონზე ჩაატარეს. ბუნებრივია, კვარას მათ ვერ შევადარებთ, მაგრამ ეს დამთხვევა მისი სადებიუტო მატჩისადმი ინტერესს ნამდვილად ზრდის. ხვიჩას იმედი აქვს, რომ უკეთესი დებიუტი ექნება. ყოველ შემთხვევაში, პერსონალურ დონეზე. 1984 წლის 16 სექტემბერს, მარადონას ნაპოლი ვერონასთან 1:3 დამარცხდა, რონალდუმ კი კიევოს წინააღმდეგ გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა ქამბექი შეასრულა და 3:2 მოიგო“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ვერონას“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ხვიჩას ის ტექნიკური თვისებები აქვს, რომ იტალიაში ჩემპიონი გახდეს``
,,ხვიჩას ის ტექნიკური თვისებები აქვს, რომ იტალიაში ჩემპიონი გახდეს``