„კვარაცხელია პირველივე წუთიდან“ – Sky Sport Italia ხვიჩაზე წერს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დღეს თავის შეხვედრას გამართავს და „ვერონას“ დაუპირისპირდება. ფეხბურთის ქართველ ქომაგს იმედი აქვს, რომ „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდება და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ხვიჩას სასტარტოში ვიხილავთ.
„ვერონა-ნაპოლი, სავარაუდო შემადგენლობები: კვარაცხელია პირველივე წუთიდან“, - ასეთია იტალიური გამოცემის სათაური. სტატიის ავტორი კი აცხადებს, რომ ლუჩანო სპალეტი შეტევაში კვარაცხელიას, ლოსანოსა და ოსიმენს გაამწესებს.
„ლუჩანო სპალეტის ფონს გასვლა ფაბიან რუისის გარეშე მოუწევს, ხოლო ნაპოლის ახალწვეულის, ჯოვანი სიმეონეს დებიუტს კვლავინდებურად ველოდებით. პარტენოპეის თავკაცს დაცვაში კიმის იმედი ექნება, ნახევარდაცვა კი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ზამბო ანგისა, ლობოტკა და ზელინსკი ითამაშებენ. შეტევაში სპალეტი კვარაცხელიას დააყენებს, რომელიც მზადაა, ლოსანოსა და ოსიმენს შეუერთდეს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ვერონას“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება.