პრემიერ ლიგა, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„ასე თამაში არ შეიძლება! შესვენებაზე მთელი გუნდის შეცვლა მინდოდა“ - ტენ ჰაგი ბენტფორდთან მარცხის შემდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგის მეორე ტურში, „ბრენტფორდთან“ კოშმარული მარცხის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა საკუთარი ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა.

რა თქვა ტენ ჰაგმა:

ვფიქრობ, ფეხბურთელები ჩემს მითითებებს ასრულებდნენ, მაგრამ ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ეს ფეხბურთია, შეცდომების თამაში და ამის გამო დავისაჯეთ.

სწორი ანალიზია საჭირო. შეუძლებელია მეტოქის გამარჯვების სურვილი ჩვენზე ძლიერი ყოფილიყო. მეორე ნახევარში თამაშში დაბრუნებას ვეცადეთ, მაგრამ გვიანი იყო. თავიდანვე კარგად უნდა გვეთამაშა.

ჩემი ფილოსოფიის შეცვლას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა პრესეზონზე აჩვენეს, რომ უკეთ თამაში შეუძლიათ. შედეგს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როდესაც ფეხბურთელები ასეთ შეცდომებს უშვებენ, ნებისმიერი გეგმა, ან სტრატეგია შეგვიძლია ნაგავში მოვისროლოთ.

დაცვაში ასეთი თამაში დაუშვებელია. ბრენტფორდის წინააღმდეგ ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით. რიგ ეპიზოდებში არასწორმა თამაშმა ასეთი შედეგი მოგვიტანა. მაგრამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მართალია, რაც ახლა ხდება ძალიან ცუდია და არაა ის სტანდარტები, რასაც საკუთარი თავებისგან ველით.

შესვენებაზე სამი ფეხბურთელი გამოვცვალე, მაგრამ მთელი გუნდის შეცვლა მინდოდა. თამაშში ახალი ენერგიის შეტანა გვსურდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ასეთ სიტუაციაში რაიმე დასკვნის გაკეთება მოთამაშეების მიმართ უსამართლო იქნება.

ესენი ჩემი ფეხბურთელები არიან და ყველა ერთად ვართ. ახლა მძიმე სიტუაციაა და გაერთიანება გვჭირდება. სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და რესურსები თანაბრად გადავანაწილოთ.

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 0 ქულით, 1 გატანილი გოლითა და 6 გაშვებულით ბოლო ადგილზე იმყოფება. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართავს.

ბრენტფორდი 3:2 მანჩესტერ იუნაიტედი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები