104 ქულა ისრაელის ნაკრებისგან - საქართველო ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა და საკუთარ კედლებში ისრაელს დაუპირისპირდა. ილიას ზუროსის გუნდს მეტოქის იერიშებთან გამკლავება გაუჭირდა, დაცვაში ცუდად იასპარეზა და ეს ანგარიშზეც აისახა - 96:104.
მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და შეტევაში ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა. საწყის ათწუთეულში სერიოზული უპირატესობის მოპოვება ვერავინ მოახერხა და პირველი მეოთხედი სტუმართა 3-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. მეორე პერიოდში სცენარი შეიცვალა. ისრაელის ნაკრებმა გაქცევა მოაწყო და 11 ქულით დაწინაურდა, თუმცა ზუროსის ბიჭებმა ჩამორჩენა შეამცირეს და დიდ შესვენებაზე -6-ით გავიდნენ.
მეორე ტაიმის სტარტი საქართველოს ნაკრების იყო. თორნიკე შენგელიამ და კომპანიამ სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა სტუმრები კიდევ ერთხელ გაიქცნენ და მესამე პერიოდის დასკვნითი წუთები 21:8, მეოთხედი კი - 30:20 მოიგეს. ისრაელის ნაკრები ბოლო ათწუთეულის წინ 16 ქულით იგებდა და ქართველთა მცდელობის მიუხედავად, უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს - 96:104.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო და 6 მოხსნა და 9 ასისტიც მიითვალა. გიორგი შერმადინმა 16 ქულა და 9 მოხსნა გაიფორმა. დუდა სანაძემ 15 ქულა მოაგროვა, ხოლო თად მაკფადენმა - 13. ისრაელის ნაკრებს 18-18 ქულით სორკინმა, მადარმა და გინატმა ულიდერეს. მენკოს 13 ქულა ჰქონდა, ხოლო ლევის - 10. საინტერესოა, რომ სტუმრებმა პერიმეტრიდან 28-დან 12 ბურთი ჩააგდეს, ჩვენ კი 21-დან მხოლოდ 7 გამოვიყენეთ.